ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველო თუ ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას.
„2025 წლის 29 იანვარს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2585 (2025), რომელიც ამტკიცებდა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილამდე შეასრულებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული პირობებით.
ნაცვლად ამისა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნის წინაშე დგანან. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის აღმოფხვრის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული ხანგრძლივი კამპანია.
გარდა ამისა, ქართულმა დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიებისა და გამოყოფის ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებს და უგულებელყოფს ასამბლეის ავტორიტეტს. ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრ სახელმწიფოში ავტორიტარული უკუსვლის იგნორირება ამ ინსტიტუტის საფუძველს ძირს უთხრის. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლში მოხსენიებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.