ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედმა კომიტეტმა მიიღო ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, გივი მიქანაძის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი თემაზე „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს მოხსენება და მხარი დაუჭირეს რეზოლუციისა და რეკომენდაციის პროექტებს.
გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მომხსენებლად 2021 წლის აპრილში აირჩია, რის შემდეგაც მან ხელმძღვანელობა გაუწია სამუშაო ჯგუფს, რომელმაც ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოს ციხეებში კვლევები ჩაატარა. კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის თუ როგორ შეიზღუდა პატიმართა უფლებები პანდემიის პერიოდში და როგორ მოხდა შეზღუდული უფლებების კომპენსირება, ასევე, რა პრევენციული ღონისძიებები გატარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციისთვის და როგორია პერსონალის ჩართულობა.
კვლევის მიზანს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების გატარების და აღნიშნულ პროცესში პერსონალის ჩართულობის შესწავლა წარმოადგენდა.
რეზოლუციის პროექტი კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით მომზადდა.