ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას“.

რეზოლუციაში ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური კურსის ხელშესახები ცვლილება არ მოხდება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“.

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით დაწყებული; კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად“.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, „რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის და სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისა და  ევროკავშირის წარმატებული რეფორმების კუთხით რეგრესს, ფუნდამენტურად ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კიდევ უფრო აძლიერებს ძალაუფლებას მმართველი პარტიის ხელში; ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის შესახებ საქართველოს ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობებზე დაფუძნებული შეჩერება“.

რეზოლუცია „მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები; გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე  პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების შეფერხებას; გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად“.

დოკუმენტის მიხედვით, „რეზოლუცია მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ბოლო დროს მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტის ჩახშობას, განსაკუთრებით გამოძალვითი ჯარიმების გზით; გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ; მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირების მქონე მაღალი რანგის მოსამართლეები ზედამხედველობენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს“.

სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია ასევე მოიცავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

„ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგება; გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ“, – აღნიშნულია რეზოლუციაში, რომლის პროექტიც გუშინ გამოქვეყნდა.

8 ივლისს გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა. ერთ-ერთი შესწორება ეხება მზია ამაღლობელს. კერძოდ, ამაღლობელთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტში შევიდა შემდეგი შესწორება: „საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მოეხსნას ყველა ბრალდება და მხედველობის გაუარესების გამო მიეცეს მკურნალობის საშუალება“.

კიდევ ერთი შესწორება ეხება 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს. მიღებული შესწორების თანახმად, „ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით, ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაზრდით; მიიჩნევს, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ და სამართლებრივ პირობებში, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი პოტენციური მონაწილისთვის, რომელიც თავისუფალ, სამართლიან კონკურენციას ელოდება და, გარდა ამისა, ასეთი მონაწილეობა თვითდანიშნული ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნება ახალი სტატუსკვოს აღიარებად. ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური ოპოზიციის დაპატიმრებული, დაკავებული ლიდერები და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და დააკვირდებიან კეთილსინდისიერი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე პროცესი“.

ამასთან, ევროდეპუტატმა დანილო დელა ვალემ მოითხოვა, რეზოლუციის პროექტიდან ამოღებული ყოფილიყო პუნქტი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის შესახებ, თუმცა ეს შესწორება ვერ გავიდა.

გარდა ამისა, რეზოლუციაში შევიდა ოპოზიციური პარტიების იმ წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებიც დაკავებული არიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალს“დაამარცხა და ფინალშია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა (4:0) და ფინალში ითამაშებს.ფრანგებმა შეხვედრა იდეალურად დაიწყეს და მადრიდელთა მცველების შეცდომებით კარგად ისარგებლეს: მე-6 წუთზე უსმან დემბელემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დამატებაზე ფაბიან რუისმა გაიტანა, ხოლო სამ წუთში თავად დემბელემ გაიტანა. 24-ე წუთზე კი რუისმა დუბლი შეასრულა და პსჟ 3:0 დაწინაურდა.ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის ოცნების გუნდთან, „რეალთან“ სათამაშოდ მოედანზე მოტივირებული გავიდა, რამდენჯერმე სცადა გატანა და მცველებმა დარტყმა დაუბლოკეს, 38-ე წუთზე კი სწრაფ კონტრშეტევაზე მცველი ჩამოიშორა და დაგვირგვინება შეეძლო, მაგრამ ბურთი აეჭრა და მიზანს ასცდა.შესვენებამდე მოპოვებული დიდი უპირატესობის შემდეგ მეორე ტაიმმა ფორმალური სახე მიიღო. „რეალი“ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა, პარიზული გრანდი კი ძალებს ზოგავდა და მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა. ლუის ენრიკემ რამდენიმე მოთამაშე ნაადრევად დაასვენა და ხვიჩა კვარაცხელიაც 59-ე წუთზე შეცვალა.საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა – 4:0.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“დაუპირისპირდება. გადამწყვეტი შეხვედრა 13 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძეს – 35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე,...

35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს ერთი კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში. აქაც, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ... თუმცა, ბრძოლას აქედანაც ვაგრძელებთ! , - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს. "ადვოკატები მეუბნებიან, როგორ სულ ემთხვევა თქვენი პოზიციებიო. ეს არცაა საკვირველი. ჩვენ ერთად ბრძოლის დროს ხშირად გვიკამათია, მაგრამ არასდროს ქვეყნის მომავალზე - თუ როგორ ვხედავთ გამარჯვებული და ძლიერი საქართველოს მშენებლობას და ქართველების ბედნიერ მომავალს ამ უნიკალურ ქვეყანაში. დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი... პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ხარ და მოგილოცო მთელი გულით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის! შენ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ხარ და სხვანაირად არ ძალგიძს. დიდხანს იცოცხლე და იხარე შენს ოჯახთან ერთად! შენი ძმა, მამუკა!", - წერს ხაზარაძე.

სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება ხდება ყოველთვის უფრო კომიკური, ვიდრე მისი წინანდელი. თავს ვერ გაუგებ და ბოლოს… – გურამ მაჭარაშვილი

„სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება ხდება ყოველთვის უფრო კომიკური, ვიდრე მისი წინანდელი. თავს ვერ გაუგებ და ბოლოს, ლოგიკას ვერ ჩაწვდები და ქართულს ვერ გაიგებ, არაფერი რეალური იმასთან, რასაც საუბრობს არ აქვს პრაქტიკულ მოცემულობასთან არჩევნებთან დაკავშირებით...“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

დიმიტრი ცქიტიშვილი – ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს არსებული სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე,...

ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს არსებული სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ ქართული ოცნება”, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობებით, მუნიციპალური არჩევნები გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს“ და „თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს“.მისი შეფასებით, "ასეთი მკაფიო ევროპარლამენტი ჯერ არასდროს ყოფილა!".ცქიტიშვილის თქმით, თუ ჩვენი მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, მაშინ დღეისათვის ამაზე მნიშვნელოვანი, მკაფიო და ცალსახა გზავნილი არ არსებობს.ცქიტიშვილი წერს, რომ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ „ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები სრულად მოშლილია, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიქტატურა“.„ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეცვლილია და ორიენტირებულია რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე!საქართველო იმდენად დასცილდა უკვე ევროკავშირს, რომ ევროპარლამენტი მოთხოვს მდგომარეობის სრულ და დეტალურ აუდიტს. ამ აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე საქართველო დაკარგავს ყველა აქამდე მიღწეული პრივილეგიას (ასოცრება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზა ლიბერალიზაცია, და ასე შემდეგ).ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართული ოცნების“ რეჟიმს!ასევე, დღეისათვის ყველაზე აქტუალური საკითხის მიმართ გზავნილი ასეთია:ევროპარლამენტის შეფასებით, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემო არ იძლევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას — არც საპარლამენტოს და არც ადგილობრივის.მოქმედ რეჟიმს არჩევნები ესაჭიროება არა ქართველი ხალხის ნების დასადგენად, არამედ არსებული სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს ამ სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ „ქართული ოცნება“, - წერს ის.

ანი წითლიძე – ასეთი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტის ისტორიას არ ახსოვს

ასეთი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტის ისტორიას არ ახსოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანას არანაირი ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს, არამედ მართავს რეჟიმი, რომელმაც არჩევნები მიიტაცა, რომელმაც საქართველოს დააკარგინა ევროპული განვითარების პერსპექტივა და რომელიც არის მოკავშირე რუსეთის, ირანისა და ჩინეთის“, – განაცხადა წითლიძემ.მისი თქმით, რეზოლუციაში ნახსენებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვლილი ევროპული ინტეგრაციის ნაწილში და პირდაპირ არის მითითებული, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის განმტკიცების საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ქარს გაატანა.როგორც წითლიძემ აღნიშნა, ამავე რეზოლუციაში არის ჩანაწერი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან, როგორც წესი, „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს არ სჩვევიათ ხოლმე ასე ღიად საუბარი კონკრეტულად მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ამა თუ იმ არჩევნებში, თუმცა ამ ჩანაწერმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, არსებობს რუსული სპეცოპერაცია და სწორედ ასე აღიქვამენ ამას საერთაშორისო პარტნიორები, იმ ინტერპრეტაციისგან განსხვავებით, რასაც წინა რეზოლუციის მიხედვით აკეთებდა „ლელო“, თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ემხრობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას“.გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ იგულისხმება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული ანგარიშის ის ჩანაწერი, სადაც ოპოზიციას მიმართავდნენ, გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა და თვითმმართველობის არჩევნებს მედეგობის ტესტად განიხილავდნენ, რაზეც ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კი, თუმცა არა მონაწილეობის საკითხში.„მანდაც არ ყოფილა მონაწილეობის საკითხი. იქ თვითმმართველობის არჩევნებში ბოიკოტი იქნებოდა ეს თუ მონაწილეობა, ოპოზიციის ერთიანობას განიხილავდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად. ანუ, იქ ეწერა, რომ მნიშვნელოვანი იყო, გადაწყვეტილებაში ყოფილიყო ოპოზიცია ერთიანი და არა არჩეულ გზაში, მაგრამ ამ რეზოლუციაში ახლა პირდაპირ და მკაფიოდ წერია, რომ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი აზრი რეჟიმის პირობებში არ აქვს“, – განაცხადა წითლიძემ.

ბოლო სიახლეები