ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ახალი, საერთო წესების შემოღებას, რომლებიც კორუფციის პრევენციისა და წინააღმდეგობის სამართლებრივი ჩარჩოს ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ. კანონი 581 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ 21 დეპუტატი წავიდა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა.
კანონის თანახმად, კორუფციად მიიჩნევა: ქრთამი, საჯარო თანხების მითვისება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, გავლენებით ვაჭრობა, კორუფციასთან დაკავშირებული უკანონო გამდიდრება და ა.შ. კანონი ასევე უზრუნველყოფს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმალური სასჯელი არ იყოს ძალიან რბილი. წევრ ქვეყნებს კი შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ სასჯელი.
წევრ ქვეყნებს დაეკისრათ მოვალეობა, ყოველწლიურად მიიღონ და განაახლონ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიები, პროცესში ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება, შეაფასონ რისკები, უზრუნველყონ ნდობითი მექანიზმები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევისთვის, გამჭვირვალე გახადონ პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
ასევე, ახალი წესების თანახმად, უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროპულ ორგანოებსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

