“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშის პროექტში წერია.
საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს რასა იუკნევიჩიენე 25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში წარადგენს.
ანგარიშის პროექტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც „დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების, მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლას განაგრძობს“.
ანგარიში აღნიშნავს „იმ ფაქტს, რომ უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა“.
პროექტი „ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განცხადებების აბსურდულობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ კამპანიას აწარმოებენ და ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ“ და „გმობს იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა კიდევ უფრო გააძლიერა“. ანგარიში „ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს“.
ასევე, პროექტი „შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას იქამდე, ვიდრე მათი რეპრესიების, შეზღუდვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის მიმდინარე კურსის შეცვლა არ მოხდება“.
დოკუმენტი „აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა და მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ადგილობრივი დამკვირვებლების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ახალი შეზღუდვები დააწესა“.
ანგარიში „ხაზს უსვამს გრანტების შესახებ კანონში 2026 წლის 28 იანვარს გამოცხადებულ ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს იმის მნიშვნელობას, თუ რა ითვლება „გრანტად“ და უცხოეთიდან მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღებას სისხლის სამართლის დანაშაულს ხდის“. პროექტი „შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი კანონპროექტი მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას“ და ანგარიში „ყველა პოლიტიკური პატიმრისა და სხვა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის“.
„გმობს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მათ უკანონო დაკავებას, მუქარასა და ფიზიკურ თავდასხმებს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის“. ანგარიში „შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის მიერ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, მათ მიერ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ“.
ასევე, ანგარიში „მიესალმება ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას“ და „აღნიშნავს, რომ კომისიის წინადადება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით უვიზო მიმოსვლის აკრძალვა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო შეუძლებელი გახდა. გაფრთხილებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობამ შესაძლოა მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს“.
პროექტში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და სანქციებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს შესაბამისობის დონე 40%-მდე დაეცა. იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებთან საქართველო სისტემატურ თანხვედრაში არ არის“. ანგარიში „საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, რათა საქართველოს ტერიტორიის ევროკავშირის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით გამოყენება არ დაუშვას“, ასევე, „აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობის მიმართულება აირჩია“.
ანგარიშის პროექტი „კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, მიმდინარე ოკუპაციასა და „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს“.

