ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს – შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს.

„ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. „დამნაშავეა ხალხი…“, „ინფექცია უნდა შევაჩეროთ…“ თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს „მონა“ ან „ბიომასა“ უნდა გვიწოდოს… დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს. რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი – არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“, – წერს პაპუაშვილი.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანდრო ჭიჭინაძე – ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან

ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მანაც და სხვა ბრალდებულებმაც საკუთარი სიტყვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა.„დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა სხდომაზე რაც გადაწყვეტილებაც მიიღეთ ამის გამო, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ მოსამართლე გვისმენს.მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არც 28 ნოემბერს და არც მანამდე არ დაწყებულა, პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ვხედავდი ერთის მხრივ, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მეორეს მხრივ, ვხედავდი იმ შიშს, რომელიც მაშინ არსებობდა. მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატომ შეძლება ადამიანის აზრის გამოხატვა საშიში იყოს. ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისეთი დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც დიდი პროტესტი უნდა ყოფილიყო და როგორიც მაგალითად დღეს არის. უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არაა განწყობილი მთავრობის, მინისტრების ან ვინმეს მიმართ კი არა, საკუთარი თავის მიმართ, თუ კრიტიკული არ ხარ საკუთარი თავის მიმართ, ეს კონფორმიზმია რბილად რომ ვთქვათ.რაც შეეხება 28 ნოემბერს და შემდეგ განვითარებულ დღეებს, ძირითადად, პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 29 ნოემბრის გარდა, სულ პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, მათ შორის იყვნენ საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები, ექიმები, მსახიობები. ერთადერთ დღეს, 29 ნოემბერს შევიცვალე ლოკაცია, როცა გავიგე რომ ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასთან ახლოს იყო, სხვათა შორის, არ გამომყვა, იქ დარჩა, მაგრამ ასვლისთანავე შუშის ბოთლი გამოფრინდა და მომხვდა ფეხში...დავამატებ, რომ იმ პერიოდში ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები, სადაც ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი ზრდილობიანად და მშვიდობიანად უნდა გამოგვეხატა.ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გედავებიან",- განაცხადა ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით მათიკაშვილი – კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს

კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის მინიმალური შანსი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მათიკაშვილის თქმით, 64 მუნიციპალიტეტში ოპოზიციას მარცხი ელოდება.„ეს ფირფიტა არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის მინიმალური შანსი აქვს. მათ არ აქვთ შანსი, რაიმე ფორმით, თუნდაც თვითმმართველობის დონეზე აქტიურები იყვნენ მმართველობით რგოლში. სინამდვილეში, 64 მუნიციპალიტეტში ოპოზიციას მარცხი ელოდება. ეს ყველაფერი იმ რეიტინგებში ჩანს, რაც არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.გუშინ „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის“.

თეონა აქუბარდია – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ბრძოლას შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს...

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.„ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ თავად დაეტოვებინა ევროპული ოჯახი, მათ შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება და მას შემდეგ ევროპაში არ არის არცერთი პოლიტიკური ოჯახი, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ EPP-ს წევრები არ გახლავართ, ვხედავთ იმ ორი ძირითადი მოთხოვნის გამეორებას, რომელიც საერთო სახალხო პროტესტის მთავარი გზავნილია – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიაზე დაბრუნება, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და რაც იმეორებს მათ შორის PACE-ს რეზოლუციებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას, საბოლოო ჯამში, შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ მთლიანად ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს აქვს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„მთავარი არხი“ – არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა

1-ელი მაისიდან „მთავარი არხის“ ტელემაუწყებლობა ოფიციალურად შეწყდა. ოფიციალური განცხადება არხის ფეისბუქ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.„მთავარი არხი“ 2019 წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გვარამიას ინიციატივით, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა.2025 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.

უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება, დოკუმენტში ასევე საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე

აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებს შორის უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება. დოკუმენტში ასევე საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს, რომელიც დოკუმენტს გაეცნო.გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება ადგენს ორი ქვეყნის მთავრობებს თანამშრომლობის პოლიტიკურ პარამეტრებს საბადოების დამუშავებაზე, წიაღისეულის გაყიდვაზე და ამერიკულ დახმარებაზე, მათ შორის სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.ამასთან, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, შეთანხმების ბევრი დეტალი განსაზღვრული იქნება ტექნიკურ შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ჯერ არ არის მზად ხელმოსაწერად.მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ 30 აპრილს გაფორმებული დოკუმენტი სულ 12 გვერდისგან შედგება მაშინ, როდესაც წინა პროექტი, რომელიც აშშ-მა უკრაინას მარტში გადასცა, 90-გვერდიანი იყო.„ევროპეისკაია პრავდა“ ასევე წერს, რომ ხელმოწერილი შეთანხმების პარამეტრები შეესაბამება იმ ძირითად პუნქტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა წინა დღეს გაასაჯაროვა. შეთანხმება ნამდვილად დეტალურად აღწერს გარანტიებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებებს და უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირის  წევრობისკენ. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმებასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებთან შეთანხმების დებულებები უნდა გადაიხედოს.მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი უკრაინას არ უქვემდებარებს ამერიკულ სამართლებრივ სისტემას – დავები წყდება კონსულტაციების საფუძველზე. ასევე, დოკუმენტი არ ითვალისწინებს უპირატესობის უფლებას ამერიკული კომპანიებისთვის უკრაინაში მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის მისაღებად. ამავე დროს, ამერიკულ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ წვდომა წიაღისეულის შესაძენად აუქციონებზე ან მოლაპარაკებებზე სხვა მყიდველებზე არანაკლები პირობებით.დოკუმენტში შესულია იმ წიაღისეულის ჩამონათვალი, რომლის მოპოვებასაც ეხება შეთანხმება. სიაში 57 წიაღისეულია: ალუმინი, სტიბიუმი, დარიშხანი, ბარიტი, ბერილიუმი, ბისმუთი, ცერიუმი, ცეზიუმი, ქრომი, კობალტი, სპილენძი, დისპროზიუმი, ერბიუმი, ევროპიუმი, ფტორი, ფლუორიტი, გადოლინიუმი, გალიუმი, გერმანიუმი, ოქრო, გრაფიტი, ჰაფნიუმი, ჰოლიუმი, ინდიუმი, ირიდიუმი, ლანთანი, ლითიუმი, ლუტეციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ნეოდიმი, ნიკელი, ნიობიუმი, პალადიუმი, პლატინა, კალიუმი, პრაზეოდიმი, როდიუმი, რუბიდიუმი, რუთენიუმი, სამარიუმი, სკანდიუმი, ტანტალი, ტელური, ტერბიუმი, თულიუმი, კალა, ტიტანი, ვოლფრამი, ურანი, ვანადიუმი, იტერბიუმი, იტრიუმი, ცინკი, ცრკონიუმი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი.ამასთან, საუბარია მხოლოდ ახალ საბადოებზე, რომელთა დამუშავების ლიცენზიებს უკრაინა შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გასცემს. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია წიაღისეულის ჩამონათვალის გაფართოება.შეთანხმება არ მოიცავს უკრაინული ინფრასტრუქტურიდან შემოსავლებს, როგორც ეს თავდაპირველად ამერიკული მხარის შემოთავაზებაში იყო. უკრაინა საერთო ფონდში ჩადებს ლიცენზიების გაყიდვიდან და წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული გადასახადებისგან შემოსავლებს.უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ღირებულება ჩაითვლება კაპიტალის შენატანად, მათ შორის დახმარება შეიარაღების სისტემებით, საბრძოლო მასალებით, ტექნოლოგიებით ან წვრთნით.ამასთან, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული ზოგიერთი პუნქტი შეთანხმებაში გაწერილი არ არის. მაგალითად, მასში არ არის ნახსენები ფონდის მართვის პრინციპი, ასევე აშშ-ის ვალდებულება, არ გაიტანოს ფონდიდან შემოსავლები ათი წლის განმავლობაში, არამედ სახსრების 100 პროცენტი უკრაინის აღდგენაში დააბანდოს. აღნიშნული პუნქტები მომდევნო შეთანხმებაში უნდა გაიწეროს, რომლის ტექსტზეც მუშაობა მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები