აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, ევროპაში უძრავი ქონების იმპერიას ფლობს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 56 წლის მოჯთაბა ხამენეის საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი ქონება აქვს.
მედიის ცნობების მიხედვით, ევროპაში უძრავი ქონების იმპერია შექმნა ირანელმა ბიზნესმენმა, ალი ანსარმა, რომელიც დაკავშირებულია ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟთან.
„ბლუმბერგის“ ერთწლიანი გამოძიების თანახმად, ის შუამავლების მეშვეობით აკონტროლებს უძრავი ქონების საერთაშორისო ქსელს, თუმცა აქტივები პირდაპირ მის სახელზე არ არის რეგისტრირებული.
პორტფელში შედის ძვირად ღირებული უძრავი ქონება ლონდონში, ვილა დუბაიში და მაღალი კლასის სასტუმროები ფრანკფურტში და მალიორკაზე. დაფინანსება ძირითადად მოდის ირანის ნავთობის შემოსავლებიდან, რომლებიც ირიცხება ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფინანსურ ინსტიტუტებში და ოფშორული კომპანიების ქსელის გავლით.
„ბლუმბერგის“ მიერ იდენტიფიცირებული ერთ-ერთი ძირითადი აქტივია ფრანკფურტში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton Frankfurt Gravenbruch-ი.
დოკუმენტაციის მიხედვით, სასტუმრო 2011 წლიდან ეკუთვნის ირანელ ბიზნესმენ ალი ანსარისთან დაკავშირებულ სტრუქტურებს.
გამოძიების მიხედვით, ირანელი მულტიმილიონერი ალი ანსარი, შუამავლის როლს ასრულებს ხამენეის ვაჟისთვის. თავად ანსარი უარყოფს რაიმე კავშირს „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ ან მოჯთაბა ხამენეისთან.
ანსარის წინააღმდეგ სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დააწესა დიდმა ბრიტანეთმა. ანსარიმ კატეგორიულად უარყო ფინანსური ან პირადი კავშირი მოჯთაბა ხამენეისთან და აღნიშნა, რომ აპირებს ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გასაჩივრებას.
როგორც „ევრონიუსი“ Financial Times-ის გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, ირანელმა ბიზნესმენმა, ანსარიმ შექმნა დაახლოებით 400 მილიონი ევროს ღირებულების ევროპული უძრავი ქონების იმპერია.
აქტივები მოიცავს ძვირად ღირებულ ქონებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გოლფის კურორტს მალიორკაზე და სათხილამურო სასტუმროს ავსტრიაში, რომლებიც სტრუქტურირებულია ოფშორული კომპანიების რთული ქსელით ლუქსემბურგში, სენტ კიტსსა და ნევისში, ავსტრიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

