სერბეთმა ევროკავშირი საკუთარ სტრატეგიულ კურსში დაარწმუნოს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამმერტს 9 მაისს მოსკოვში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლამმერტის თქმით, რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება
„ევროკავშირი ყოველთვის ნათლად გამოხატავდა პოზიციას, რომელიც უნდა გაიზიაროს ყველა წევრმა და კანდიდატმა ქვეყანამ. რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ლამმერტმა.
ლამმერტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის სერბეთისგან საერთო პრინციპებისა და ღირებულებების გაზიარებას, კერძოდ პუტინთან ურთიერთობა ვერ გაგრძელდება, როგორც ადრე.
„სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკავშირს სურს, სერბეთზე, როგორც სანდო პარტნიორზე დაყრდნობა საერთო პრინციპების, ღირებულებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებში. ევროკავშირმა აბსოლუტურად ნათლად განუმარტა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის სერბეთს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ვერ დარჩება ისეთი, როგორც ჩვეულებრივ, პუტინის რეჟიმის პირობებში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ, ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ევროკავშირში უფრო აქტუალური თემაა მისი მოსკოვში ვიზიტის გეგემები, ვიდრე ომი უკრაინაში და ევროპაში ელექტრომომარაგების შეფერხებები.
მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მოსკოვში ზეიმში მონაწილეობა მიუღებელია, როცა რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს ვუჩიჩი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.