ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს.

მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში მოთხოვნილია, კომისიას მიეწოდოს განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, იყოს სათანადო ზომები მიღებული კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.

„2017 წლიდან საქართველომ ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით, რაც შესაძლებელი გახდა ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ. უვიზო რეჟიმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში და მოუტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებს. ევროკავშირის 2018/1806 რეგულაციის (ვიზის რეგულაცია) 8(4) მუხლის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ვიზის შეჩერების მექანიზმს, ევროპული კომისია სისტემატურად აფასებს მესამე ქვეყნების მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შენარჩუნებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს შესაბამისი დიალოგი. 2024 წლის 6 დეკემბერს ევროპულმა კომისიამ მიიღო მეშვიდე ანგარიში ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. კომისიის ანგარიშმა გაუსვა ხაზი საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევებს, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, კომისიამ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია. ისინი მოიცავს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი LGBTIQ პირების უფლებები. განსაკუთრებული რეკომენდაცია ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის ცვლილებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციურობას.

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, თორმეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, გთხოვთ, მიიღოთ სათანადო ზომები კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.

მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს ამ გამოწვევას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. კომისია შეაფასებს მათი შესრულების დონეს ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.

შეფასების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები გაგრძელდება, კომისიამ შეიძლება, დაიწყოს პროცედურები ვიზის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ევროკავშირის რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე.

გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. ვადასტურებ, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოსთან მყარი და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის ერთგული. პატივისცემით, ბეატე გმინდერი“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში.

წერილს ასევე თან ერთვის რეკომენდაციების სრული სია:

„რეკომენდაციები, რომლებიც ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართება საქართველოს:

უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.

შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ.

გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.

შექმნას აქტივები დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციასა და განკარგვის კუთხით.

მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.

შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.

შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს“

წერილის თანაადრესატები ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარაზიტი, რომელიც ადამიანის კანში იბუდებს – რა ვიცით Dermatobia hominis-ის შესახებ

პარაზიტები ადამიანებსაც გვყავს და ერთ-ერთი მათგანი Dermatobia hominis არის. ესაა ბორასებრთა ოჯახის მწერი, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული.მისი ლარვების განვითარებისთვის ჩვენს კანში არსებული პირობები იდეალურია, იქ მათი მოხვედრისას კი მოწითალო ამობურცული არეალი წარმოიქმნება. თუ ამ ადგილს ხელით შეეხებით, ის ამოძრავდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენს სხეულში სულ სხვა ორგანიზმები იზრდებიან.მაინც როგორც იბუდებს ეს პარაზიტი ადამიანის კანში?ზრდასრულობისას ისინი დაახლოების ბუზის ზომის არიან. შეწყვილების შემდეგ მდედრი კანში კვერცხების გადასატანად სისხლისმწოველ არსებებს იყენებს, როგორიც კოღო ან ტკიპაა. ის შუამავალი მწერების სხეულზე, ძირითადად მუცლის არეში, საკუთარ კვერცხებს ამაგრებს, რასაც ფორეზია ეწოდება.მაშინ, როცა სისხლისმწოველი არსებები ჩვენამდე აღწევენ, კანის სითბო კვერცხებიდან ლარვას ათავისუფლებს. ისინი შიდა ქსოვილებში მწერის ნაკბენიდან ან თმის ფოლიკულებიდან აღწევენ და ამით მათი სიცოცხლის ციკლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ეს მატლები დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში იზრდებიან, შემდეგ კი კანიდან გარეთ გამოდიან და უკვე მიწაში ინაცვლებენ, საიდანაც ბუნებას უკვე ზრდასრული ფორმით უბრუნდებიან.იმ რეგიონში, სადაც Dermatobia hominis არის გავრცელებული, მისით ადამიანთა პარაზიტირების შემთხვევები არც ისე იშვიათია. სიმპტომები მარტივად ამოსაცნობია. ლარვის მიერ კანზე წარმოქმნილი ბურთულა მუწუკს მოგვაგონებს, მაგრამ მის ცენტრში მცირე ზომის ხვრელია. იქიდან მატლები ჰაერს იღებენ.მიუხედავად იმისა, რომ ლარვები ჩვენს კანში სამუდამოდ არ რჩებიან, ექიმები მათ მოშორებას ამჯობინებენ. თუკი პარაზიტები შედარებით ღრმად არიან დაბუდებული, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ჩვეულებრივ, ამისთვის ჭრილობაზე ვაზელინის ან სხვა ამგვარი საშუალების წასმაც საკმარისია, რადგან ლარვებს ჰაერი აღარ ჰყოფნით და გარეთ თავადვე გამიდიან.ზრდასრული მწერი ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის, ვინაიდან კვერცხების გადასატანად სხვა არსებებს იყენებს.

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე – რა ხდება ადგილზე

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ქობულეთის რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.შსს-ს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.ფოტო: „აჭარის მაუწყებელი“

აიათოლა ალი ხამენეი – ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონალური ბაზა იყო, ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და...

ირანი მზადაა, ნებისმიერ ახალ სამხედრო თავდასხმას უპასუხოს, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.მისი თქმით, თეირანი შეძლებს მოწინააღმდეგეებისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენებას, ვიდრე ეს 12-დღიანი ირან-ისრაელის ომის დროს მოხდა.„ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონალური ბაზა იყო. ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და სხვებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.ამასთან, ირანის პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ არ უნდა განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები აშშ-თან, ვიდრე წინაპირობები არ დაკმაყოფილდება.

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ...

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.დიმიტრი სამხარაძის თქმით, ევროკომისია პირდაპირ და ღიად ითხოვს პატიოსნებისა და ოჯახის ღირსების გაცვლას გარყვნილებასა და ჰომოსექსუალების გაბატონებაზე. ასევე ქართული ისტორიისა და სულისკვეთების დავიწყებას.„პირდაპირ და ღიად ითხოვენ:პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ - „ტოლერანტული“ LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო!მშვიდობა - ომით შეცვალეთო!საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები - ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმების გამო – ახლახან ვესაუბრე მხარეებს, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს

აშშ შეშფოთებულია ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.რუბიოს თქმით, ახლახან ესაუბრა შესაბამის მხარეებს.„ამ საკითხზე ვმუშაობთ. ახლახან ვესაუბრე შესაბამის მხარეებს ტელეფონით. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ საკითხით და იმედია, დღეს მოგვიანებით გვექნება განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმების დროს სირიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

ბოლო სიახლეები