ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა.
როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.
კერძოდ, თურქეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა შენგენის ვიზის მიღების ე.წ. კასკადური წესი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოკლევადიანი ვიზა და არ აქვთ დარღვევები, შეუძლიათ, მიიღონ გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა შემდგომი განაცხადის წარდგენისას. თურქეთის მოქალაქეები ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შემდგომ შეძლებენ უკვე სამწლიანი და ხუთწლიანი ვიზების მიღებას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, ევროკომისიამ და თურქულმა ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებისკენ სწრაფვა.
თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა მისი გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში შეჩერებულია. ასევე შეჩერდა თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
თურქეთში ევროკავშირის ელჩი თომას ჰანს ოსტროვსკი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება თურქეთის მოქალაქეების მოგზაურობის პროცესს გაამარტივებს და დააჩქარებს. დიპლომატის თქმით, ევროკომისია მზადაა, ზაფხულის შემდეგ ანკარასთან განაახლოს ოფიციალური მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ექვსი დარჩენილი პუნქტის შესასრულებლად.
„ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატს ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა, თურქეთის გარდა. მნიშვნელოვანია, განვაახლოთ შენგენის სივრცეში და ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის პროცესი“, – აღნიშნა ელჩმა.