ევროკავშირი ოკუპირებულ ყირიმში გამართულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
„ევროკავშირს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის სჯერა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთის საპარლამენტო და რეგიონალური არჩევნები კრიტიკოსებისა და დამოუკიდებელი ხმების დაშინების ფონზე იმართებოდა“, – აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
პიტერ სტანომ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი წუხს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ფორმატი შეიზღუდა.
„ევროკავშირი არასდროს აღიარებს არაკანონიერად ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, ვინაიდან ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ დონბასის ტერიტორიაზე რუსული პასპორტები გაიცა არჩევნებში მონაწილეობისთვის. ეს მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.