ევროკომისიამ მოუწოდა თურქეთს, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები როგორც ქვეყანამ, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია.
„ჩვენ გვსურს, თურქეთი დარჩეს ევროპასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს მოითხოვს მკაფიო ვალდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკის მიმართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკომისიის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლის მერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, 19 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში თურქეთში გამართული აქციების დროს 1 133 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. აქციების ორგანიზატორებს შეკრების თავისუფლების უფლების ბოროტად გამოყენებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში, არეულობის პროვოცირებასა და პოლიციელებზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციების დროს 123 პოლიციელი დაშავდა. ამასთან, უწყება ავრცელებს ცნობებს, რომ დემონსტრაციებზე დაკავებულ პირებს შორის აღმოჩნდნენ ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული ადამიანები.