სამშაბათი, მარტი 3, 2026

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე იმოქმედოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა შეძლონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, „უკრაინის მხარდაჭერა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება, ის ასევე არის ჩვენი საკუთარი ინტერესიც“.

„ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად კომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რათა რუსული გაყინული აქტივებიდან გამოვიყენოთ თანხა უკრაინის რეპარაციული სესხისთვის“, – ნათქვამია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების ერთობლივ წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – არცერთი ვიზიტი უკვალოდ არ ქრება, ეს ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ უნდა უხაროდეთ, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბელენტობაში...

საქართველო თუ ანა პაულინა ლუნამ მიიწვია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მარტოა კონგრესში, იმ ფორუმებზე ბევრი ადამიანი იკრიბება, რომელსაც ეს ხალხი აორგანიზებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბელენტობაში გადარჩეს.„ანა პაულინა ლუნა ასიათასიან მიტინს ვერ შეკრებს, დიდი გუნდია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან იმ იდეას კრებს, რომელიც აზრთა ერთიანობას გამოხატავს, როცა საუბარია ტრადიციაზე, სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე. საქართველო თუ ანა პაულინა ლუნამ მიიწვია, ეს არ ნიშნავს, რომ ის მარტოა კონგრესში. იმ ფორუმებზე ბევრი ადამიანი იკრიბება, რომელსაც ეს ხალხი აორგანიზებს. ჩვენი დელეგაციაც სწორედ იქ არის ჩასული. ფორუმში მონაწილეობის გარდა, მათ საინტერესო შეხვედრები ექნებათ კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში. არცერთი ვიზიტი უკვალოდ არ ქრება. გასაგებია, რომ ეს ვიზიტი ვიღაცას ისტერიკაში აგდებს, მაგრამ ყველას უნდა უხაროდეს, რომ რაღაც ნაბიჯები იდგმება, რათა საქართველო ამ ტურბელენტობაში გადარჩეს. ხელისუფლება თუ ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს არავისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი, „ნაცმოძრაობის“ გარდა. მის ტრენდს ნუ აჰყვებით. აშშ-ში და ევროპაში ვინც არ უნდა ჩავიდეს და მოითხოვოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მას უნდა მივესალმოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული 172 რაკეტა გაანადგურა

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული 172 რაკეტა გაანადგურა.სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, სულ 186 რაკეტა იქნა გაშვებული, რომელთაგან 13 ზღვაში ჩავარდა, ხოლო ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ირანმა რეგიონში დარტყმები დაიწყო, თეირანზე აშშ-ისრაელის დარტყმების საპასუხოდ.არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის უწყებამ კიდევ 812 ირანული დრონი აღმოაჩინა, მათგან 755-ის განეიტრალება მოხერხდა, 57 მათგანი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე აღმოაჩინა და გაანადგურა რვა ფრთოსანი რაკეტა, „რამაც გამოიწვია გარკვეული თანმხლები ზიანი, ასევე სამი ადამიანის სიკვდილი და 68 მსუბუქი დაზიანება“, დაზიანდა „სამოქალაქო ობიექტებიც“.

ისრაელის ელჩი – ისრაელი ბოლო 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საფრთხის მოშორების მიზანს უნდა მივაღწიოთ

ისრაელი ბოლო 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმის მხრიდან მუდმივი ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, ისრაელის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა დიპლომატიური საშუალების ჩავარდნის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი ირანის მუდმივი და ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრა იყო, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა, რისთვისაც აშშ და ისრაელი არიან მზად, რადგან უკან დასახევი გზა არ არსებობს.ელჩის თქმით, მოკავშირეები მზად არიან და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.„ჩვენი საჰაერო ძალების დარტყმები მიმართულია ტერორისტული სამიზნეების და ამ რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ამ საფრთხის აღმოფხვრა ამ რეჟიმის მოშორებას თუ ნიშნავს, დაე, ასე იყოს. უკან დასახევი გზა არ არსებობს. გადაწყვეტილება მიღებულია. მოგვიწევს ამ საფრთხის მოშორება. ამ რეჟიმს არ აქვს უფლება, გააგრძელოს ისრაელის მიმართ მუქარა და ტერორი რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის და, თუნდაც, ირანის ქუჩებში უდანაშაულო ირანელების წინააღმდეგ. იანვარში ვნახეთ, როგორ დახოცეს 36 000-ზე მეტი უდანაშაულო ირანელი, რომლებიც უბრალოდ თავისუფლებას ეძებდნენ. ვფიქრობ, ათობით მილიონი ირანელი ბედნიერი იქნება ამ საფრთხის მოხსნით. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება ამას, მაგრამ ერთი რამ ვიცი და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ძალიან ნათლად განაცხადეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მიზანს უნდა მივაღწიოთ. იქნება ეს ერთი დღე, კვირა თუ კიდევ მეტი, ჩვენ მზად ვართ. ძალიან მომზადებული ვართ. ისრაელის ისტორიაში ყველა ჩვენი ომი თავდაცვითი იყო. ისრაელმა მშვიდობისთვის ხელი გაუწოდა მათ, ვისაც ახლო აღმოსავლეთში და ისრაელთან მშვიდობიანად ცხოვრება სურს. ჩვენ მშვიდობა გვაქვს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო, ეგვიპტე და იორდანია. ჩვენ არ შეგვიძლია ტერორისა და ძალადობის გზის ატანა, რაც ისრაელის სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შემცველია. ამას უნდა გავუმკლავდეთ. დიპლომატია თუ ჩავარდება, სხვა საშუალებებიც გვექნება ამასთან გასამკლავებლად“, –  განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ.

„როიტერი“ – ევროპაში არ არიან მზად უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებისთვის

უკრაინის მისწრაფება, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მიიღოს, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მხრიდან ხისტ წინააღმდეგობას წააწყდა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წერს.„როიტერის“ მიხედვით, ეს იქნება „პანდორას ყუთის“ გახსნა და უკრაინის სწრაფმა მიღებამ შესაძლოა, მრავალი პრობლემა გამოიწვიოს.უკრაინის პრეზიდენტს სურს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირში 2027 წლამდე გაწევრიანდეს, თუმცა, სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, პირად საუბრებში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი.გამოცემის ცნობით, „როიტერი“ ესაუბრა რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს. მათგან ბევრმა მიუთითა ამ იდეის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ შეშფოთებაზე. „როიტერის“ მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა ის, რომ უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა მათი დაჩქარებული წესით გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, შეწყვიტონ რეფორმები, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა.უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ „როიტერს“ განუცხადა, რომ კიევი მზადაა, გაითვალისწინოს ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთებები და გარკვეული გარანტიების შეთავაზებით გამოვიდა. მათ შორისაა მონიტორინგის სისტემის შემოღება დემოკრატიული სტანდარტების დაცვის შესამოწმებლად და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე სრულ წვდომამდე გარდამავალი პერიოდის დაწესება.კაჩკას თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური ვალდებულების აღება მნიშვნელოვანი იქნება.„ეს აუცილებელია სამშვიდობო პროცესისთვის, ევროპაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე პრემიერმა.ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა მოიცავს მრავალწლიან დეტალურ მოლაპარაკებებსა და სამართლებრივ რეფორმებს, რათა ქვეყანა შესაბამისობაში მოვიდეს დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებთან. პროცესის ყოველი ეტაპი საჭიროებს ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას.დიპლომატების თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დახურულ შეხვედრებზე ამ პროცესის რეფორმირების შეთავაზებით გამოდის. მისი იდეის მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანამ თავიდანვე სრულად შეასრულოს ყველა აუცილებელი რეფორმა, მას უნდა შეეძლოს ევროკავშირში გაწევრიანება მინიმალური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, თუმცა ევროკავშირის ფონდებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობაზე წვდომა შეზღუდული უნდა ჰქონდეს, ვიდრე წევრობის ყველა კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს.როგორც „როიტერი“ წერს, ამან შეიძლება, გაამარტივოს ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი.უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ ივარაუდა, რომ უკრაინას მომავალ წელს მაინც შეეძლება, ხელი მოაწეროს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას, თუმცა რატიფიკაცია და სხვა ეტაპები უფრო ხანგრძლივი იქნება.„თუმცა, ანალიტიკოსები და დიპლომატები ასეთი გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო მზადყოფნას ვერ ხედავენ, მათ შორის ვერც ფონ დერ ლაიენის მიერ შეთავაზებული რეფორმის მიმართულებით“, – წერს „როიტერი“.

ირანული მედიის ცნობით, ქალაქ მინაბში 28 თებერვლის თავდასხმისას სკოლის შენობაში დაღუპულთა დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო

ირანული მედიის ცნობით, ირანის ქალაქ მინაბში აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპული 168 მოსწავლის და 14 მასწავლებლის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ბავშვების მკვლელობაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა. 25 დაღუპულის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.„ეს არაადამიანური, სასტიკი ქმედება კიდევ ერთი ბნელი ფურცელია აგრესორების მიერ ამ მიწის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსრულებელ ჩანაწერში, რომელიც არასდროს წაიშლება ჩვენი ერის ისტორიული მეხსიერებიდან“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.მედიის ცნობით, ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქის სკოლაზე თავდასხმა 28 თებერვალს მოხდა.

ბოლო სიახლეები