ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, შეხვედრაზე, რომელიც 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართება, საქართველოზეც იმსჯელებენ და სამ კონკრეტულ პრობლემას განიხილავენ. ამის შესახებ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა.
“ზუსტად არ ვიცი, რაზე ისაუბრებენ [მინისტრები], თუმცა ელჩების დონეზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემიძლია გითხრათ, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები, ალბათ, სამ ძირითად პრობლემაზე ისაუბრებენ.
პირველი – ეს არის ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი დეზინფორმაციის კამპანია და ევროკავშირის დემორალიზაციის მცდელობა ქვეყნის უმაღლესი მაღალჩინოსნების მიერ;
მეორე საკითხი, რაზეც ისაუბრებენ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების დაწესების შესაძლებლობა იქნება;
ხოლო მესამე, რასაც განიხილავენ, ის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიაა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში სარგებლობენ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სერიოზული უკუსვლის ფონზე – ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორშაბათს და ეს კითხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დავუსვათ”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მანამდე ევროკავშირის ელჩმა “ბათუმელებთან” ინტერვიუში განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ევროკავშირი რამდენიმე თვეა განიხილავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, სანქციების შემოღებასთან შედარებით, გაცილებით მარტივი პროცედურაა, რომელიც წევრი ქვეყნების 2/3-ის მხარდაჭერას მოითხოვს.