ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების  ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, როგორიცაა „ბორდერიზაცია“, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვა და უკანონო დაკავებები. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველა დაზარალებულისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ლტოლვილთა და დევნილთა უფლებები კვლავ გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ მათ უფლებას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.

ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის საშუალებით. ეს მექანიზმი ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისია (EUMM) 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით და 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებული მანდატით, კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში, რადგან ის ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება“, – ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში 11 აგვისტომდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ასოცირებული პროფესორის ქეთევან როყვას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზას ეწვივნენ.ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისათვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, თანამედროვე აგროტექნოლოგიური მეთოდების გაცნობა და აგრონომიული კვლევითი საქმიანობის პროცესის ადგილზე ნახვა.აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიებს, მევენახეობისა და მებაღეობის თანამედროვე მიდგომებს, აგრეთვე სხვადასხვა კვლევით ინოვაციას, რომელიც ცენტრში ხორციელდება.ქეთევან როყვას თქმით, ვიზიტი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ ზრდას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რეალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თეორიული ცოდნა პრაქტიკასთან დააკავშირონ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზა ამისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. მსგავსი ვიზიტები აძლიერებს სტუდენტების მოტივაციას, აღვივებს მათში პროფესიულ ინტერესს და ამზადებს მომავალ სპეციალისტებს თანამედროვე აგრონომიული გამოწვევებისთვის. გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში და ახალგაზრდა კადრების მომზადებაში“, - განაცხადა ქეთევან როყვამ.უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ქსოვილის კულტურის (In Vitro) ლაბორატორია.ლაბორატორიის უფროსმა, ახალგაზრდა მეცნიერმა თეკლე ზაკალშვილმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებისა და მცენარეთა უჯრედულ დონეზე გამრავლების შესახებ. ისინი გაეცნენ ინ ვიტრო მეთოდის მნიშვნელობას ჯანსაღი და გენეტიკურად სტაბილური ნერგების მიღების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია სერტიფიცირებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისთვის. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს ნიადაგის სრულყოფილ ქიმიურ-ფიზიკურ ანალიზს.„სტუდენტებმა უშუალოდ იხილეს ის პროცესები რომლებიც აუცილებელია ნიადაგის ნაყოფიერების, შემცველობისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დასადგენად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლიანობისა და გარემოს მდგრადობის შეფასების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ასევე გაეცნენ თესლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას და დააკვირდნენ თესლის სერტიფიცირების პროცესს. მათ შორის იყო ისეთი კომპონენტებიც, როგორიცაა თესლის სიწმინდის, ტენიანობისა და აღმოცენების მაჩვენებლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ლაბორატორიული შემოწმება. სტუდენტებმა დაათვალიერეს თანამედროვე ჰიდროპონიკის სათბური. აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და რესურსეფექტურ ტექნოლოგიას სოფლის მეურნეობის სექტორში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სურსათის უსაფრთხოებისა და ინოვაციური მიწათმოქმედების ხელშეწყობაში“, - განაცხადა ქეთევან როყვამ.სტუ-ის ინფორმაციით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ვიზიტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან, სისტემატურ თანამშრომლობას.

ნორვეგიის მთებში დაკარგული ბრიტანელი ჟურნალისტი მაშველებმა ცოცხალი იპოვეს

ნორვეგიის მთებში დაკარგული ბრიტანელი ჟურნალისტი მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. ის 5 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.დიდ ბრიტანეთში მცხოვრები კლიმატის ჟურნალისტი ნორვეგიაში, მთის ფერდობზე იპოვეს და გადაარჩინეს. მან თითქმის ერთი კვირა ველურ ბუნებაში მარტომ გაატარა.მედიის ცნობით, 38 წლის ალეკ ლუნს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერტმფრენის ხმა ესმოდა, მაგრამ ვერ მოძრაობდა, რადგან ბარძაყის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. ჟურნალისტმა სხეულის დაზიანება ფოლგეფონას ეროვნულ პარკში, კლდიდან გადავარდნის შემდეგ მიიღო.Daily Mail-ის ინფორმაციით, მამაკაცმა გადარჩენა წვიმის წყლის და ჩანთაში ნაპოვნი ორი შოკოლადის ფილის მეშვეობით მოახერხა.

ნიკუშა შენგელაია: ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო

ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ, რეჟისორ ელდარ შენგელაიაზე საუბრისას.„ელდარმა თავისი სათქმელი თვითონ თქვა, თვითონ შექმნა თავისი თავი და მე მგონი, ეპოქალური რეჟისორი იყო და ის დარჩება თაობებს. მისი შემოქმედება იქნება კიდევ ბევრი თაობისთვის საინტერესო და მისი სახელი დიდხანს დარჩება საქართველოში და არა მარტო, მის ფარგლებს გარეთაც“,- აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.ლეგენდარული კინორეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები მზია ამაღლობელზე – სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), მკაცრად გმობენ მზია ამაღლობელის 2 წლით დაპატიმრებას.„ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ასევე მოვუწოდებთ სრულად პატივი სცეს საქართველოს წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“, - განაცხადეს მომხსენებლებმა.წერილში ასევე ნათქვამია, რომ მომხსენებლები საქართველოში ვიზიტს წელს გეგმავენ.ცნობისთვის, საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.

ბოლო სიახლეები