ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ამ ეტაპზე, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ბრიუსელის 12 რეკომენდაციას. პაველ ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა პროცესის ინკლუზიურობას და აღნიშნა, რომ ევროპული დავალების შესრულების პროცესის შეფასება მომავალ წელს იგეგმება.
„იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ამ საერთო ძალისხმევაში, მათ ძალიან კონსტრუქციულად უნდა მიიღონ მონაწილეობა. შეფასების პროცესი მომავალ წელს იქნება. პირველ რიგში, ის შეფასდება ევროკომისიის, შემდეგ კი, მომავალი წლის ბოლოსკენ, ხელახლა განიხილავენ ევროპელი ლიდერები, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციულ გზაზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ვცდილობთ, საქართველოს სასამართლო რეფორმაში დავეხმაროთ. ეს რეფორმა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ამიტომ, ამ მხრივ, მოვლენათა განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდეს და დამოუკიდებელი იყოს“, – აცხადებს დიპლომატი.