სამშაბათი, მარტი 17, 2026

დღეს, საქართველოს პარლამენტში, თამამად შეიძლება ითქვას, ისტორიული კენჭისყრა შედგა.

დღეს, საქართველოს პარლამენტში, თამამად შეიძლება ითქვას, ისტორიული კენჭისყრა შედგა. დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. დღევანდელ დღეს ყავს ერთადერთი დამარცხებული – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული. დასასრულს, „ქართული ოცნების“ სახელით, მადლობას ვუხდით ყველა იმ პარლამენტარს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს მეგობარ ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული. „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

ექიმებმა დაადასტურეს, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, საპატრიარქოს თანამშრომელმა და დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრთან ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, როგორც ექიმები ამბობენ, კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა.„მუდმივად, პაუზის გარეშე მიმდინარეობს საჯანმრთელო პარაკლისების აღვლენა, რომელსაც საგანგებოდ მოწყობილ სიწმინდეებთან და ხატების კუთხესთან იხდის ესა თუ ის სასულიერო პირი. დაახლოებით 10-15 წუთის წინ მედპერსონალი შეხვდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს. მათ კიდევ ერთხელ ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს მისი უწმინდესობის არსებული ჯანმრთელობის შესახებ. განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო და ადამიანური რესურსი ჩართულია ამ განკურნების, სასწაულებრივი გაუმჯობესების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ძალიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ არსებული ვითარება და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დეკანოზმა თეიმურაზ თათარიშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს.ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი – იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია

დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე, – ამის შესახებ რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა და მხოლოდ გარკვეული დეტალები დააზუსტეს.„მნიშვნელოვანია შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სისხლდენა შეჩერებულია. სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ რთულია. კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა. ამან გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და არ სჭირდებოდა არანაირი რადიკალური ცვლილებები.პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგნოზთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია, გარკვეული დრო არის საჭირო, რომ სისხლდენის და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია. ამ ეტაპზე რა პრეპარატებიც სჭირდება, ყველაფერი უზრუნველყოფილია როგორც მედიკამენტების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით. დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები. ვერ გეტყვით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა თუ მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ხელნაწერი წერილი, რომელიც სავარაუდოდ, ირანის უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის ეკუთვნის

ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ხელნაწერი წერილი, რომელიც სავარაუდოდ, ირანის უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის ეკუთვნის.წერილი ასევე გამოქვეყნდა ალი ლარიჯანის პირად გვერდებზე „ტელეგრამსა“ და „იქს“-ში. თეირანში ამტკიცებენ, რომ წერილი ლარიჯანიმ დღეს დაწერა.წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.სავარაუდოდ ლარიჯანის წერილში პატივისცემა არის გამოხატული იმ ირანელი საზღვაო ქვეითებისადმი, რომლებიც 4 მარტს შრი-ლანკის სანაპიროსთან ამერიკული წყალქვეშა ნავის მიერ ირანულ სამხედრო გემზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპნენ.ირანში დღეს დაღუპული 84 ირანელი მეზღვაურის პატივსაცემად ცერემონიალი გაიმართება.მანამდე ალი ლარიჯანიმ ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მუსლიმური ქვეყნების მხრიდან ირანის მხარდაჭერის ნაკლებობაზე საუბრობს.„არცერთი ისლამური მთავრობა არ დადგა ირანელი ხალხის მხარდამხარ, გარდა იშვიათი შემთხვევებისა და შეზღუდული პოლიტიკური პოზიციისა. აშშ და ისრაელი არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის მუსლიმური ირანი და წინააღმდეგობის ძალები. რომელ მხარეს ხართ თქვენ?“, – ნათქვამია ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაში.

კაია კალასი – ბოლო დროს აშშ-ის ნაბიჯებს ვერ ვიგებთ

ბოლო დროს აშშ-ის ნაბიჯებს ვერ ვიგებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.კაია კალასის განცხადებით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირი აშშ-ის არაპროგნოზირებად ქცევას ითვალისწინებს.„რა თქმა უნდა, ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვართ, მაგრამ ბოლო დროს მათ ნაბიჯებს ვერ ვიგებთ. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ სიტყვა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, არის არაპროგნოზირებადობა. ამიტომ, ახლა მშვიდად ვართ, რადგან ველით, რომ არაპროგნოზირებადი რამ ყოველთვის მოხდება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.ასევე, კალასმა ისრაელსა და აშშ-ს ირანთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა.„ევროკავშირი მზად არის დიპლომატიური გზით მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს და ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. რეგიონის სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ, რათა ამ ვითარებიდან გამოსასვლელად მხარეებს ისეთი წინადადებები წარვუდგინოთ, რომ მათ ავტორიტეტი შეინარჩუნონ“, - აღნიშნა კალასმა.

მიხეილ სარჯველაძე – პატრიარქის მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ დინამიკაში, ასაკის გათვალისწინებით, ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე

შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მისივე თქმით, კონსილიუმზე ითქვა, რომ პროცესებზე დაკვირვება დინამიკაში უნდა მოხდეს და გადაწყვეტილებები არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნეს მიღებული.„საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველას აინტერესებს პატრიარქის მდგომარეობა, მკურნალობის პერსპექტივები. გამართულ კონსილიუმზე, რასაკვირველია, არც იყო მოლოდინი, რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა. გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა – პესიმისტური. ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა ამ თვალსაზრისით. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, სხვა ალტერნატივა რეალურად არ არსებობს. რაც შეეხება მდგომარეობას, თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან, ყველას გვაქვს მეტის და უკეთესის მოლოდინი, სურვილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. ამ წუთს არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს.რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებსა და მოსაზრებებს, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით. იმდენად კომპლექსურია ანალიზების მონაცემები, იქ არ არსებობს ერთი და ორი ინდიკატორი, ძალიან ბევრია. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში – უარყოფით. ამას სჭირდება კომპლექსურად შეფასება და დინამიკაში დაკვირვება. დინამიკაში ნიშნავს, რომ  არ არის საჭირო ხვალინდელი, ზეგინდელი გეგმები დავსახოთ, ამ წუთს რაც არის რელევანტური, ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული. თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ამავდროულად, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ არაფერი ამ მკურნალობის პროცესს არ დააკლდეს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას, ბუნებრივია, უკლებლივ შევასრულებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები