ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

“დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, ცხადია, კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას” – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა. საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა – არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დასახელდა.

ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს დისტანციურად უპასუხა.

გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. კრიპტოვალუტის ღირებულება, გამოძიების ცნობით, მითვისების დროს, 43 მილიონ დოლარამდე იყო.

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა დეტალურ კითხვებს თავი აარიდა.

“ივანიშვილის პოზიცია არის ის, რომ ეს არ იყო სესხი და მთელი ეს საბანკო სტრუქტურა იყო უბრალოდ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება არცერთ ხელშეკრულებას. ყველა კითხვაზე იძლეოდა ზოგად, ერთნაირ პასუხს. არცერთ დეტალურ კითხვას მან არ უპასუხა და თავი აარიდა”, – განაცხადა “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, კვლავ მათი მხარის პოზიცია დასტურდება-  ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

“დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, ცხადია, კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. ერთ საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და ასევე პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ.

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან ყველა კითხვაზე დაზუსტებული პასუხი მიიღო.

“არცერთ კითხვაზე მას ( ბიძინა ივანიშვილი) თავი არ აურიდებია. რაიმე არსებით გარემოებაზე კითხვა მე არ მომისმენია. აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მიიღო ძალიან დაზუსტებული პასუხი. პირდაპირ დადასტურდა ის, რასაც დოკუმენტურად და რაც აქამდე ძალიან ბევრ კონტექსტში იყო გაჟღერებული, რომ სწორედ დაზარალებული ინვესტორი იყო ამ ურთიერთობაში ჩართული, სწორედ მისი ინვესტიცია იყო, ბრალდებულმა ეს საკითხები ტექნიკურად მოაგვარა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულს და სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა ინვესტიციის შესაბამისად მისაღები ბიტკოინები რეალურად მან მიითვისა და ამის შემდგომ მოხდა ამ აქტივების ლეგალიზაცია”, – აღნიშნა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური – ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და გაგრძელდება დაკვირვება პატიმრის ჯანმრთელობაზე. „მე მაქვს ასევე კონკრეტულად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლევები ჩატარდა, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. აქაც განვსხვავდებით ჩვენ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის მიღების შემდეგ, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება. კითხვაზე, „გამჭირვალობის კანონი გაუქმდება?“, – მდინარაძემ უპასუხა: „მისი მიღების შემდეგ, დიახ“. ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა: „დავანებოთ ყველა დეტალს თავი. ლობიზმს შეეხება? ლობიზმის შესახებ იქნება, არ შეეხება? – არ იქნება. რასაც შეეხება ამერიკული კანონი, ზუსტად იგივე იქნება დაკოპირებული და დაინიცირებული“. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. მამუკა მდინარაძის თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო  „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც ამოქმედებულა. მდინარაძის განმარტებით, მის ნაცვლად, მიღებული იქნება ახალი, ამერიკული კანონი, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფილი იქნება მისი სრულფასოვანი ამოქმედება. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ  პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ამბიციური ამოცანა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული, დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქცია

ყაზახეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება სწორედ ყაზახეთში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყაზახეთთან აქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მრავალ თემაზე, რაც უკავშირდება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია. ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ამ კუთხით საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ვფიქრობ, არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა თემაზე. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებისა, სხვადასხვა სფეროში შევეხეთ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორიცაა კულტურა, სპორტი, განათლება და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ყაზახეთისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით

საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპისა და საპირისპირო მიმართულებით. „მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება „შუა დერეფნის“ განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი

„ქართული ოცნება“ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ,,ფარას’’ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. „როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას. შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად, მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას. პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები იმისათვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა!“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ბოლო სიახლეები