პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი აპირებს ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირის თავდაცვის სასესხო პროგრამის (SAFE) განხორციელებას ისახავს მიზნად – ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ნავროცკიმ გადაწყვიტა, ვეტო დაადოს ევროკავშირის თავდაცვის სასესხო პროგრამა SAFE-ის (Security Action for Europe – „მოქმედება ევროპის უსაფრთხოებისთვის“ – რედ.) კანონპროექტს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
„მე ვკითხავ პრეზიდენტს, ნამდვილად ასეა თუ არა ეს, რადგან ეს მიუტევებელი შეცდომა იქნება “, – აღნიშნა მან.
ტუსკი ამბობს, რომ მთავრობა ახლა „B გეგმაზე“ იმუშავებს, რათა ევროკავშირის ფულადი სახსრების პოლონურ ბიზნესამდე მიღწევა უზრუნველყოს. მისივე თქმით. ამ ფულს „ასობით კომპანია“ ელოდება.
„ჩვენ ვიპოვით გზას, რათა ეს თანხა პოლონელმა ხალხმა მიიღოს“, – დასძინა მან.
შემოთავაზებული „SAFE 0%“ სქემის განსახილველად, დონალდ ტუსკი, თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშთან და ფინანსთა მინისტრ ანჯეი დომანსკისთან ერთად, პრეზიდენტ ნავროცკისა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, ადამ გლაპინსკის უნდა შეხვდეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისმა მთავრობამ მოითხოვა დეტალები, თუ რა წვლილს შეიტანდა ქვეყნის ეროვნული ბანკი პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსებაში, მაგრამ პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია.
„იმ მხრიდან წამოსული ყველა სიგნალი მიანიშნებს, რომ ჩვენ საკმაოდ საეჭვო ოპერაციებთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ტუსკმა და დასძინა, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმეში სრული სიცხადის შეტანას აპირებს.
ნავროცკი და გლაპინსკი მემარჯვენე ოპოზიციის ბანაკიდან არიან და ტუსკის ცენტრისტულ, პროევროპულ პოლიტიკას მკაცრად ეწინააღმდეგებიან.
„ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა“ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, სამხედრო შესყიდვების მიზნით, 150 მილიარდ ევრომდე დაბალპროცენტიანი სესხების გამოყოფას უზრუნველყოფს.
პოლონეთი ამ თანხიდან დაახლოებით 44 მილიარდ ევროს მიიღებს. მთავრობის განცხადებით, სესხის 80 პროცენტზე მეტი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიაში, ისეთი პროექტების დასაფინანსებლად დაიხარჯება, როგორიცაა „აღმოსავლეთის ფარი“, აგრეთვე დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება.
სესხის გადახდა 10 წლის შემდეგ დაიწყება და 2070 წლამდე გაგრძელდება.
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

