შაბათი, მარტი 1, 2025

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა – შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.

„შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის.

ტრამპის თქმით, ზელენსკი „მადლიერი“ უნდა იყოს.

უკრაინის ლიდერს „უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.

ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წლიდან დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანეულ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთი ლიდერი შეიცვალა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის მხარეს. ამასთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ცუდი რამ თქვას რუსეთის ლიდერზე, შემდეგ კი ტელეფონი აიღოს და ვლადიმერ პუტინს ჰკითხოს, როგორ მიდის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან შეთანხმების მიღწევა ასე არ ხდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავსეა პუტინის მიმართ ზიზღით.

ამასთან, ტრამპისა და ვენსის გაღიზიანება გამოიწვია ზელენსკის კომენტარმა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დროს პრობლემები ყველას აქვს, თუმცა ისინი ახლა ამას ვერ გრძნობენ, რადგან მათ შორის „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობენ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა არ არის იმ პოზიციაში, მათ უკარნახოს, რას იგრძნობენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაია კალასი – უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, ევროპელებს ამ გამოწვევის მიღება მოგვიწევს

თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ.„უკრაინა ევროპაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ შეძლონ, განაგრძონ აგრესორთან ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენ, ევროპელებს მოგვიწევს ამ გამოწვევის მიღება“, – წერს კალასი.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

ჯასტინ ტრუდო – უკრაინელების ბრძოლა დემოკრატიის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა, კანადა განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას სამართლიანი, მყარი მშვიდობისთვის

კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის, – ამის შესახებ კანადის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.ტრუდო ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.როგორც ტრუდო აღნიშნავს, უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანი ბრძოლაა.„რუსეთი უკანონოდ და გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. უკვე სამი წელია, უკრაინელები მამაცურად და მედგრად იბრძვიან. მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა. კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“, – წერს ტრიუდო.

ვიქტორ ორბანი – ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები კი ომს, დღეს დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა, მადლობა...

ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.ორბანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და ტრამპს მადლობას უხდის.როგორც ორბანი აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა.„ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს. დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა. მადლობა ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

გია ვოლსკი – აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ...

კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ემოციურად ძალიან მძიმე ფონია, ამდენი ხალხი იხოცება. ყველას გვყავს ახლობლები უკრაინაში, არსებობს პოლიტიკა, პოლიტიკოსები და არსებობენ ქვეყნები, რომელთაც არ გააჩნიათ ის რესურსი, რომ ეს ყველაფერი შეაჩერონ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის. არსებობს სახელმწიფო აშშ-ი, რომელსაც ეს რესურსი გააჩნია. იქ რამდენიმე საკვანძო თემა ითქვა და ამასთან დაკავშირებით ათასგვარი მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მაგრამ მთავარი საკითხი იყო ერთი, რომ აშშ-ი არ იღებს თავზე უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს რეალური გარანტია, როდესაც აშშ-ი დაინტერესებულია რაღაც საკითხებთან მიმართებაში უკრაინაში, იგივე სასარგებლო წიაღისეულის, თუ იშვიათი მეტალების გადამუშავების საკითხებზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევა, ამოიღებს და დაიწყებს ამის მარტო გამოყენებას. უკრაინისთვისაც აქ სერიოზული რესურსია ამერიკული ინვესტიცია, ამერიკული კომპანიები და რასაკვირველია, ეს უკვე უსაფრთხოების საკითხებს ნიშნავს. გარდა ამისა, აშშ-ს ჰქონდა ლაპარაკი ევროპელ პარტნიორებთან და ყველაფერი არც იქ წავიდა მთლად დალაგებულად, მაგრამ პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ ევროპელები მზად არიან, როგორც მშვიდობის გარანტორებმა, აიღონ გარკვეული ვალდებულებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი – არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, უფრო პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ აშშ-ს წააგავს

არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, უფრო პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ აშშ-ს წააგავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. უფრო წააგავს პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ ამერიკას, იმ დროს, როდესაც, ყველას სჭირდება ძლიერი ამერიკა, ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელის გამოჩენას ვხედავთ ბოლოსდაბოლოს“, – წერს ზურაბიშვილი.

ბოლო სიახლეები