დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 100 პროცენტით შეასრულებს თავის მუქარას და პირველი თებერვლიდან რვა ევროპულ ქვეყანას დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს გრენლანდიასთან დაკავშირებით.
„ენბისი ნიუსთან“ მოკლე სატელეფონო ინტერვიუს დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა გაამახვილოს.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, რა მოუტანა მათ ამან. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ევროპამ და არა გრენლანდიაზე“, – დასძინა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უარყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ახსნა, რომ მის მთავრობას არანაირი გავლენა არ აქვს იმაზე, თუ ვინ მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას.
„ნორვეგია სრულად აკონტროლებს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ. მათ მოსწონთ იმის თქმა, რომ ამასთან არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ მათ ყველაფერი აქვთ საერთო. მე არ მაინტერესებს ნობელის პრემია“, – თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს.

