აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქვეყნების დასჯას, რომლებიც უკანონოდ აკავებენ აშშ-ის მოქალაქეებს.
ტრამპის განკარგულება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებას აძლევს, დააწესოს სანქციები ან სხვა ზომები მიიღოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც მიენიჭებათ „აშშ-ის მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მხარდამჭერი სახელმწიფოს“ სტატუსი.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება შექმნილია „აშშ-ის მოქალაქეების უკანონო დაკავებისგან დასაცავად და იმ უცხო ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებისათვის, რომლებიც მსგავს პრაქტიკას მიმართავენ“.
აშშ-ის მთავრობა არ აქვეყნებს მონაცემებს უცხოეთში დაკავებული ამერიკელების შესახებ, თუმცა Foley Foundation-მა, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა, აღნიშნა, რომ 2024 წელს, სულ მცირე, 54 ამერიკელი უკანონოდ იყო დაკავებული 17 ქვეყანაში.
სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადებაში ბრძანებას უწოდა „უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც ახალ საფასურს დააკისრებს მათ, ვინც უკანონოდ აკავებს ამერიკელებს საზღვარგარეთ“. რუბიოს თქმით, აღნიშნული სტატუსის მქონე ქვეყნებს შესაძლოა, დაუწესდეს ეკონომიკური სანქციები,ასევე სავიზო შეზღუდვები ან შეუწყდეს საგარეო დახმარება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი სტატუსი შექმნილია „ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს“ კლასიფიკაციის ანალოგიით.
თეთრი სახლის ცნობით, განკარგულება ვრცელდება არასახელმწიფო სუბიექტებზეც, რომლებიც „მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებენ“, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მათ ოფიციალურად არ აღიარებს მთავრობად.