აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესამცირებლად.
ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია კრემლის მიერ დასახელებულ პირობებს სიღრმისეულად სწავლობს.
„ჩვენ ამჟამად ყველა პირობას განვიხილავთ, არის დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს ვიკვლევთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, უკრაინასთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან და უკრაინასთან. ეს მეტ-ნაკლებად კარგად მიმდინარეობს, თუმცა ეს ისეთი სიტუაციაა, რომლის შესახებაც არასოდეს უნდა გვეფიქრა. ეს არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ დიდ პროგრესს ვაღწევთ, ამის თქმა შემიძლია. მიმდინარეობს ძალიან დიდი და დეტალური მოლაპარაკებები ორივე ფრონტზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, მოლაპარაკებები რთული და კომპლექსურია, მაგრამ გამოთქვამს იმედს, რომ მხარეები შეძლებენ დიალოგს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.