აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და აშშ მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ დაწერა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი დაამარცხა და სრულად გაანადგურა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ და ყველა სხვა მიმართულებით. თუმცა ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და ჩვენ მათ დავეხმარებით – ძალიან მნიშვნელოვნად!
აშშ ასევე კოორდინაციას გაუწევს ამ ქვეყნებს, რათა ყველაფერი სწრაფად, შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელდეს. ეს ყოველთვის გუნდური ძალისხმევა უნდა ყოფილიყო და ახლა სწორედ ასე იქნება. ეს მსოფლიოს გააერთიანებს ჰარმონიის, უსაფრთხოებისა და მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს დონალდ ტრამპი
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთვება ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ადგილზე სამხედრო გემებს გააგზავნიან.

