აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, რუსეთს აქვს „კოზირები“ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რადგან რუსეთმა „ბევრი ტერიტორია მიიტაცა“.
„მე ვფიქრობ, რომ რუსებს სურთ ამ ომის დასრულება, მართლა ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ცოტა მეტი კოზირი, რადგანაც მათ ბევრი ტერიტორია მიიტაცეს“, – განაცხადა ტრამპმა.
„ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ტრამპი რუსეთს, რომელიც ამტკიცებს, რომ მშვიდობა სურს, ამერიკელმა პრეზიდენტმა უპასუხა: „ვენდობი“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში გამოსვლისას მეორედ უწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“. მანამდე მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ დაწერა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჩანაწერი იყო პირდაპირი პასუხი ზელენსკის სიტყვებზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობს.