აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 მაისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრას „ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა“.
ამის შესახებ მან მედიკამენტების ფასის შემცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს. მჯერა, რომ ორი ლიდერი იქ იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ ჩაფრენაზე. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. თუმცა ვფიქრობ, იქ ჩაფრენაზე. ამის შესაძლებლობა არის, ვფიქრობ, რამე შეიძლება მოხდეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ხუთი ათასი სიცოცხლე კვირაში, სინამდვილეში უფრო მეტიც. როდესაც უყურებ ბრძოლის ველის სატელიტურ გამოსახულებებს, ყველგან მოწყვეტილი კიდურები და თავებია. აქვს ამას აზრი? ამას არავითარი აზრი არ აქვს. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, თუ შეგვიძლია ამ სისხლისღვრის დასრულება“, – განაცხადა ტრამპმა.
შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ პუტინი არ დათანხმდება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ტრამპმა თქვა, რომ მას აქვს შეგრძენება, რომ ისინი დათანხმდებიან.
ამასთან, უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპს დაგეგმილი აქვს ვიზიტების საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში.