ჩვენ გვინდა ეს ომი სწრაფად დავასრულოთ, უკვე ბევრი პროგრესი გვაქვს მიღწეული, შემდეგი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ახორციელებთ უფრო დიდ ზეწოლას რუსეთზე, ტრამპმა უპასუხა:
„თქვენ არ იცით, რა ზეწოლას ვახორციელებ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ზეწოლას ვახორციელებ რუსეთზე. ჩვენ ვახორციელებთ დიდ ზეწოლას რუსეთზე. რუსეთმა იცის ეს. ვფიქრობ, მას სურს შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვნახავთ ამას ძალიან მალე, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. მჯერა, რომ მათ სურთ შეთანხმების მიღწევა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ჯერ კიდევ თვლით, რომ უკრაინამ რაღაც ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი, რომ მშვიდობა მიიღოს“, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა – „დიახ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმს, ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, შეიძლება დავიბრუნოთ? ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება“,- განაცხადა ტრამპმა.