აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის დიალოგი ძირითადად მსოფლიო ვაჭრობაზე იყო ორიენტირებული. ამის შესახებ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დივალის, ანუ სინათლის ფესტივალის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ტრამპმა ინდოეთის ლიდერთან წინა საუბარიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს მან ნარენდრა მოდის გადარწმუნება შეძლო.
„ყველა ამერიკელის სახელით მინდა, თბილი სურვილები გავუზიარო ინდოეთის ხალხს. დღეს თქვენს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. შესანიშნავი საუბარი გვქონდა ძირითადად ვაჭრობაზე და ბევრ რამეზე. ის ძალიან დაინტერესებულია მსოფლიო ვაჭრობით. ცოტა ხნით ადრე იმაზე ვისაუბრეთ, რომ პაკისტანთან ომი არ უნდა გვქონდეს და მისი გადარწმუნება შევძელი. როგორც ხედავთ, ჩვენ არ გვაქვს ომი პაკისტანსა და ინდოეთს შორის და ეს ძალიან კარგია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა რუსული ნავთობის შეძენა მნიშვნელოვნად შეამცირა.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ის რუსეთისგან დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვას არ აპირებს. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს, ისევე როგორც მე. ნავთობის ყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირეს და მის შემცირებას კიდევ აგრძელებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.