აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის მიმართ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე. მისი თქმით, ამ სიაში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა.
„ჩვენ მათ საშინელი გარე ძალებისგან ვიცავდით, მათ კი დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. ენთუზიაზმის დონე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია. არიან ქვეყნები, სადაც საუკეთესო ჯარისკაცები გვყავს განლაგებული, რათა ისინი საფრთხისგან დავიცვათ და ჩვენ ამ საქმეს შესანიშნავად ვართმევთ თავს. ხოლო როდესაც გვაინტერესებს, ჰყავთ თუ არა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, გვპასუხობენ, რომ ურჩევნიათ, ამაში არ ჩაერიონ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებით.
„ძალიან გამიკვირდა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია. ორი კვირის წინ ვუთხარი, რატომ არ აგზავნიდნენ რამდენიმე ხომალდს? და სიმართლე გითხრათ, მათ ამის გაკეთება საერთოდ არ უნდოდათ. ვკითხე: მართლა არ გინდათ? თქვენ ჩვენი უძველესი მოკავშირე ხართ და იცით, ჩვენ უზარმაზარ თანხებს ვხარჯავთ ნატო-ზე და თქვენი დაცვისთვის. რეალურად ჩვენ ვიცავთ მათ. ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ უკრაინაზეც. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილით არის დაშორებული, უზარმაზარი ოკეანე გვყოფს. ჩვენ ამას საერთოდ არ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ გავაკეთეთ. უფრო სწორად, ბაიდენმა გააკეთა. სიმართლე უნდა ვთქვა, ბაიდენი იქ სრულიად გააცურეს, მაგრამ მაინც ვიმუშავეთ მათთან უკრაინის საკითხზე. სინამდვილეში კი საერთოდ არ გვჭირდება მათთან უკრაინაზე მუშაობა“, – თქვა ტრამპმა.

