აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოგდება მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან” განაცხადა.
მოკლე სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების სპეციფიკაზე საუბარზე, თუმცა გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მედიამ გააშუქა აშკარად ინტენსიური და მგრძნობიარე სამხედრო ოპერაცია.
კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა დღევანდელი მოვლენები ირანთან რაიმე სახის მოლაპარაკებებზე, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.
„არა, საერთოდ არა. არა, ეს ომია. ჩვენ ომში ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, „ენბისი ნიუსმა“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ირანის თავზე ჩამოვარდა. წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკულმა ძალებმა გადაარჩინეს, ეკიპაჟის მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია კი გრძელდება. ამასთან, „სქაი ნიუსი” წერს, რომ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაციის გამო ისრაელმა ირანზე დაგეგმილი იერიშების ნაწილი გადადო.

