მე ვერ ვისაუბრებ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ირანს სურს შეთანხმების მიღწევა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შუამავლებთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მე ვერ ვისაუბრებ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ მეორე მხარეს აქტიური და მზადყოფნაში მყოფი მონაწილე გვყავს. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის დასრულების მიზნით შუამავლებთან მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“.
„მათ აქვთ დრო ხვალ, საღამოს 08:00 საათამდე, მაგრამ ჩვენ მათთან ვმუშაობთ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ბატონი უიტკოფი აქ არის და ჯეი დი ვენსი ასევე ჩართულია მოლაპარაკებებში. ბატონი უიტკოფი აქ ზის და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ვნახოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანელებს სურთ, რომ აშშ-მა დაბომბვა გააგრძელოს, რადგან მათი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობის პირობებში უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მიუხედავად ირანელებისადმი მოწოდებებისა, რომ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყონ, ძალიან რთულია პროტესტის გამოხატვა იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს საკუთარი სამხედროები ესვრიან.
„მე სინამდვილეში ვეუბნები მათ, რომ არ გავიდნენ გარეთ, მე სრულად მესმის. საქმე სიმამაცეში არ არის, ჩვენ ყველანი მამაცები ვართ. მე მამაცი ვარ, მაგრამ ასევე ჭკვიანი“, – განაცხადა ტრამპმა.

