ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025

დონალდ ტრამპი – ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება

ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„გუშინდელი ღამე საშინელი იყო. წინა ღამეც საშინელი იყო. ადამიანები დიდი, მძიმე ჩაქუჩებით ურტყამდნენ ბეტონს და ბორდიურებს, ურტყამდნენ, ამტვრევდნენ და ხალხს აძლევდნენ ბეტონის დიდ ნაჭრებს. ისინი იღებდნენ ამ ბეტონს, ადიოდნენ ხიდებზე და ყრიდნენ მანქანების სახურავზე. ისინი ესროდნენ ჩვენს პოლიციას. ისინი ესროდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც იქ არიან და ჩვენ ეს შევაჩერეთ. ახლა ისინი დაკავებული გვყავს. შეხედეთ, ახლა რომ არ ჩავრთულიყავით, ლოს ანჯელესი ისევე დაიწვებოდა, როგორც რამდენიმე თვის წინ იწვოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ესაუბრა ბოლოს კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომს, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ერთი დღის წინ ესაუბრა.

„ერთი დღის წინ დავურეკე და ვუთხარი, რომ უკეთ უნდა იმუშაოს. ის საქმეს ცუდად აკეთებს, ბევრ სიკვდილს იწვევს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ლოს ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციები ამბოხია, შესაბამის კანონს აამოქმედებს.

„ამბოხება თუ იქნება, მე აუცილებლად ავმოქმედდები. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ლოს ანჯელესში იყო გარკვეული რაიონები, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ ეს ხდებოდა. ეს საშინელება იყო, მაგრამ ისინი ამაში ფულს იღებდნენ. ესენი იყვნენ ანაზღაურებადი ამბოხებულები. ისინი ამაში ფულს იღებდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

კალიფორნიაში არეულობა 6 ივნისს დაიწყო. საიმიგრაციო სამსახურების რეიდების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები შტატის რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. არეულობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 ათასი წევრის და 700-მდე საზღვაო ქვეითის განთავსების განკარგულება გასცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დიდი ბრიტანეთი, ინგლისი არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა

დიდი ბრიტანეთი, ინგლისი არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა და მზად არის კონსულტაციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ბრიტანეთის, ისე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.„დიდი ბრიტანეთი, კონკრეტულად ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, სამართლიანობის იდეას მიეცა სხვა დატვირთვა და, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამიკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იმავე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი. ერთადერთი, ვისმენთ კვლავ შანტაჟს, მუქარას, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორი გახდა

საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი გახდება ხელმისაწვდომი, რომლის ექსკლუზიური ლიცენზიორი თბილისის მერიაა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში.„სულ მალე საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი - ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება და აერთიანებს 9 მილიონამდე ახალგაზრდას.პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ამისთვის ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში.ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი და თბილისის მერია 2025 წლის შემოდგომიდან ერთად უზრუნველყოფენ, რომ ამ შესაძლებლობით, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, ევროპული ახალგაზრდული ბარათი გახდება საქართველოში პირველი ფასდაკლებების/შესაძლებლობების ქარდი, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ, 30-წლამდე ახალგაზრდას მისცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნებისა და საინტერესო გამოცდილებების მიღებისთვის.„ევროპის მასშტაბით ათასობით ფასდაკლება უკვე ელოდება ქართველ ახალგაზრდებს, ადგილობრივ ფასდაკლებათა ნუსხა კი დღითი დღე იზრდება. ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა თბილისის მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშემწყობი ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა იქნება. ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ირაკლი კობახიძე- პოლონეთის პარლამენტში რაც მოვისმინეთ დასანანი და სამწუხაროა, არ შეიძლება, ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მათი არჩევანი

რეალურად, გუშინ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც არ აისახება საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად, იმედი მაქვს, მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, არ შეიძლება, ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მათი არჩევანი.„ქართველებმა გააკეთეს თავისი არჩევანი, შარშან მათ მხარი დაუჭირეს ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა, ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება, პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია, გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. ვფიქრობ, ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა კობახიძემ.

ლევან დავითაშვილი – უნგრეთთან მეორე სამიტი თანამშრომლობის ყველა მიმართულებას შეეხებოდა, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესშიც ეხმარება

უნგრეთთან მეორე სამიტი თანამშრომლობის ყველა მიმართულებას შეეხებოდა, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესშიც ეხმარება, – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი მეორე სამიტი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.დავითაშვილის თქმით, საქართველოს უნგრეთთან ვაჭრობის კუთხით აქვს წინსვლა და 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით გაიზარდა.„მეორე სამიტი, რომელიც გაიმართა უნგრეთის ხელისუფლებასთან, იყო ძალიან საინტერესო და შეეხებოდა თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას, რაზეც პრემიერ-მინისტრებმაც გააკეთეს განცხადება. სამიტი შეეხო როგორც სპორტს, კულტურას, განათლებას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ეხმარება ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა უნგრეთთან თანამშრომლობა ტრანსპორტის, კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სფეროში.მისი თქმით, უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir -ი საქართველოში წარმომადგენლობას აფართოებს და დღეს საქართველოს ავიაბაზრის ნომერი პირველი ავიახაზებია, რომელიც საქართველოს დაახლოებით 28 მიმართულებასთან აკავშირებს.„ორივე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და საკმარისად არ გვაქვს ათვისებული თანამშრომლობის პოტენციალი, ამიტომ ჩვენ დავგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომლებიც ორმა ქვეყანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კერძო სექტორმა უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ხელშეკრულებაზე ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ, ასევე უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმებზე კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის კუთხით.„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა უკეთ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით არსებობს. კონკრეტულად შევეხეთ თანამშრომლობას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სფეროში, საინვესტიციო მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ვაჭრობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მარკო რუბიო რუს ხალხს „რუსეთის დღეს“ ულოცავს – ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კვლავ დავადასტუროთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი, რუსეთ-უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუს ხალხს „რუსეთის დღეს“ ულოცავს.ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგულად უჭერს მხარს რუსი ხალხის უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კვლავ დავადასტუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას“, – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.12 ივნისს რუსეთში „რუსეთის დღე“ აღინიშნება. 1990 წლის 12 ივნისს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო „დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“.

ბოლო სიახლეები