აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დალასში საიმიგრაციო დაკავების ცენტრში სროლის ფაქტს ეხმაურება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანს, რომელმაც დაკავების ცენტრში ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფ ადამიანებს, ტყვიებზე წარწერა ჰქონდა გაკეთებული „ანტი-ICE“ — ანუ წინააღმდეგი იყო აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის მუშაობის.
„ეს საზიზღრობაა! საიმიგრაციო სამსახურის მამაცი ქალები და კაცები უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს — ისინი ცდილობენ ყველაზე საშიში კრიმინალები გააძევონ ჩვენი ქვეყნიდან, თუმცა დღითი დღე ეჯახებიან უპრეცედენტო მუქარებს, ძალადობას და თავდასხმებს გონებრივად გაუწონასწორებელი რადიკალი მემარცხენეებისგან. ეს ძალადობა არის შედეგი იმისა, რომ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები გამუდმებით ახდენენ სამართალდამცველების დემონიზაციას, მოითხოვენ აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის გაუქმებას და საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრებს „ნაცისტებს“ ადარებენ. რადიკალი მემარცხენე ტერორისტების მხრიდან ძალადობა, განსაკუთრებით ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრები და სამართალდამცავი სტრუქტურების სხვა მამაცი წევრები სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენ უკვე ოფიციალურად გამოვაცხადეთ „ანტიფა” ტერორისტულ ორგანიზაციად და ამ კვირაში მოვაწერ ხელს აღმასრულებელ განკარგულებას შიდა ტერორისტული ქსელების დემონტაჟისთვის”, – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპმა ასევე მოუწოდა დემოკრატებს, შეწყვიტონ რიტორიკა საიმიგრაციო სამსახურისა და აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
„ტრამპის ადმინისტრაცია სრულად დგას სამართალდამცველების გვერდით. ჩვენ ვგეგმავთ მტკიცე საზღვრების დაცვას, ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებას, ძალადობრივი უკანონო კრიმინალების დეპორტაციას და მემარცხენე შიდა ტერორიზმის ძირიან აღმოფხვრას, რომელიც აშინებს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დალასის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში სროლა იყო. დაღუპულია თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობა. კრიტიკულია ორი ადამიანის მდგომარეობა.