აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მუშაობს, რომ სუდანში ომი დაასრულოს.
როგორც ტრამპმა ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს იქნება მეცხრე ომი, რომელსაც დაასრულებს, თუ მანამდე რუსეთისა და უკრაინის ომი არ დაასრულა.
„მე ბევრს ვმუშაობ, რომ სუდანში ომი დავასრულო. ეს იქნება მეცხრე ომი, თუ მანამდე რუსეთისა და უკრაინის ომს არ დავასრულებთ. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და თითქმის დავასრულეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ისტორიაში არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია მეტი, ვიდრე მის ადმინისტრაციას მსოფლიოში ქრისტიანების დევნასთან დასაპირისპირებლად. ამის მაგალითად ტრამპმა შობის დღეს ნიგერიაში ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ მიტანილი დარტყმები დაასახელა.
„ეს ჩვენი მისიაა. შობის დღეს ნიგერიის მთავრობასთან კოორდინაციით, მე განკარგულება გავეცი ძლიერი დარტყმები მიეტანათ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების გასანადგურებლად, რომლებიც ათასობით ქრისტიანს ხოცავენ ამ ქვეყანაში. ჩვენ მათ ისე ძლიერად დავარტყით, რომ ისინი ახლაც კი ვერ ხვდებიან რა ჯანდაბა მოხდა. ჩემი განკარგულებით, ეს შობის დღეს მოხდა, რათა მათ კარგად გაეცნობიერებინათ ყველაფერი“, – აღნიშნა ტრამპმა.

