აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ ირანის ახალ ლიდერებს „საუბარი სურთ“.
„მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ მათ გავესაუბრები. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ის, რაც ძალიან პრაქტიკული და ადვილი იყო, უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ისინი ძალიან დიდი ხანი იცდიდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდისთვის გეგმავს ირანულ მხარესთან საუბარს.
„ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ლიდერი, რომელთანაც აშშ-ის ადმინისტრაციის წევრები საუბრობდნენ, მოკლულია.
„ამ ადამიანების უმეტესობა დაიღუპა. ზოგიერთი იმ ადამიანთაგანიც დაიღუპა, ვისთანაც გვქონდა საქმე, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

