აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონი საუბარი ძალიან ნაყოფიერი იყო.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინმა მას ახლო აღმოსავლეთში მიღწეული წარმატება მიულოცა. ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს ჩართულობისთვის.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, საუბარი ასევე შეეხო ამერიკასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.
„დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობაზე საუბარს, როდესაც უკრაინასთან ომი დასრულდება. სატელეფონო საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა. შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს, სხვა პირებთან ერთად, უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. შეხვედრის ადგილი უნდა განისაზღვროს“, – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს უნგრეთში შეხვდებიან.
„შემდეგ მე და პრეზიდენტი პუტინი შევხვდებით შეთანხმებულ ადგილას, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა დავასრულოთ ეს „უსახელო“ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ხვალ ზელენსკისთან შეხვედრა ექნება თეთრ სახლში, სადაც განიხილავს პრეზიდენტ პუტინთან საუბარს და სხვა საკითხებს.
„მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნება მიღწეული“, – წერს ტრამპი.