აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული.
ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას“.
მისი თქმით, კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა.
„მე გადავწყვიტე, არ გამენადგურებინა კუნძულის სანავთობე ინფრასტრუქტურა, მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპი ასევე მოუწოდებს ირანს, დაყაროს იარაღი და „გადაარჩინოს ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა“.
„და ბევრი აღარ დარჩენილა“, – წერს ტრამპი.
ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობტერმინალით ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება.
ცნობისთვის, სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ ირანის სამხედრო ძალები ბლოკავენ სავაჭრო გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, რამაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

