აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ვარშავაში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა განაცხადა.
„დაუყოვნებლივ ძალაში შესული ბრძანების თანახმად, ჩვენ აღარ გვექნება ურთიერთობა, კონტაქტი ან კომუნიკაცია სეიმ ჩაჟასტისთან, რომლის აღმაშფოთებელმა და არაპროვოცირებულმა შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სერიოზული დაბრკოლება შექმნა პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს და არც შეურაცხყოფა მიაყენოს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა, ვლოძიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის და ისრაელის ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის ხელმძღვანელების მობილიზებას, რათა ტრამპი 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის.

