პია კაუმას ვიზიტის გადადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ეუთო/ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას თავს დაესხნენ, – ამის შესახებ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხუნდაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას გამოეხმაურა.
„პია კაუმას ვიზიტის დაბულინგების შემდეგ გადადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეუთო/ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას თავს დაესხნენ. თუმცა მის ბოლო განაცხადშიც მხოლოდ რეკომენდაციების განხილვაზეა საუბარი, რაც ოპოზიციას და მის პატრონებს არ აწყობთ. ქვეყანა შიგნიდან ვერ არიეს და გარედან დაიწყეს შანტაჟის გაძლიერება. ვერ გატეხეს საზოგადოების უმრავლესობა, ვერ დაშალეს ხელისუფლება და მთლიანად მმართველი გუნდი. საკუთარ მორჩილ აქაურ აგენტურას არჩევნებში სასურველი შედეგი ვერ დაადებინეს და „ეს არ ითვლებაო“. საზოგადოება პროცესებს თუ კარგად დააკვირდება, უფრო გაუადვილდება ომის საფრთხის არსებობის დანახვა, ის, რაც ჯერ კიდევ არსად გამქრალა და მეგობრებსა და მტრებს ადვილად განასხვავებს ერთმანეთისგან. ფრთხილად საქართველო!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.