სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტი პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რაზეც მეტყველებს მისი ავტორის წარმომავლობა და კავშირები პოლონეთის მთავრობასთან, რომელიც საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში არამეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს.
„ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ქალბატონი პატრიცია გჟებიკი, რომელიც არის მთავარი ავტორი ამ რეკომენდაციების მსგავსი შინაარსით ფორმულირების, არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული, უშუალოდ საგარეო მიმართულებებით მომუშავე პირი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი და არა იმაზე, რომ ექსპერტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ყოფნისას შეძლო 200-გვერდიანი რეკომენდაციების შემოთავაზება.
სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მაგალითად, ისინი აქტიურად ლობირებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმი შექმნა. ეს რეჟიმი საზოგადოებამ ჩამოიცილა. მაგრამ სააკაშვილი პოლონეთის ხელისუფლებას რატომღაც ძალიან უყვარს.
ამ ქრონოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ისიც, როდესაც პოლონელი ექსპერტი „ვივამედიდან“ წინდებით ეზიდებოდა ბიოლოგიურ მასალას, რათა დაემტკიცებინა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი, რაც რეალურად არ არსებობდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

