დიმიტრი ხუნდაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი Facebook-ზე წერს.
„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება და გულისტკივილი გამოვხატო დათა ვანიშვილის, იმ გმირი ადამიანის გარდაცვალების გამო, რომელიც საქართველოში რუსეთის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლით ნამდვილ სიმბოლოდ გადაიქცა
მას შემდეგ, რაც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გაუვლო, მან უარი თქვა საკუთარი საცხოვრებლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას“, – წერს ხუნდაძე.
დეპუტატის თქმით, სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს ხელისუფლება კი ყველა შესაძლო რესურსისა და მექანიზმის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს, საოკუპაციო ძალების ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად.
„დათა პაპას მოქალაქეობრივი გმირობა და სულიერი სიმტკიცე მისაბაძია … სწორედ ისაა ნათელი მაგალითი როგორ არ უნდა შეეგუო ოკუპაციას“, – წერს ხუნდაძე.
