დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რა მასშტაბებს მიიღებს, არ ვიცით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე საქართველო მარტო არის დარჩენილი პარტნიორების გარეშე.
“ის, რომ საქართველო მარტო არის დარჩენილი და რეალური პარტნიორები არ გვყავს, ეს მთავარი პრობლემაა დღეს. მეორეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი ის არის, რაც არის და ბოლო ათეული წელია, ასეა, შესაძლებელი იყო გარკვეული ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ფორმატები, მაგრამ არა იმ ხარისხის და ფორმატის, როგორიც მივიღეთ.
დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რომელმაც ზიანი მიაყენა ირანის ატომურ პროგრამას და ამით დამთავრდა, ეს უფრო განგრძობითი პროცესია, როგორც გამოცხადდა, მინიმუმ, ოთხკვირიანი გეგმაა. რა განვითარდება და რა მასშტაბებს მიიღებს, ეს ჯერ არ არის ცნობილი”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანს დაარტყა. ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. ამჟამად საომარი მოქმედებები გრძელდება.

