არჩევნებით არანაირი შედეგი არ დაიდო, ბოიკოტი ვერ შედგა, რევოლუცია ისეთი ცარიელი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ შარში გახვია ადამიანები და მეტი არაფერი. არცერთი არ აღმოჩნდა გამარჯვების ფორმულა, არანაირი შედეგი არ მოიტანა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნულმა პროცესებმა საზოგადოებაში „შოკი მოიტანა“, ხოლო „ქართული ოცნება“ „შიგნიდან გაძლიერდა, რიხი მიეცა“.
„როდესაც სამი სხვადასხვა სტრატეგიით მიდიხარ, ბოიკოტით, არჩევნებით და რევოლუციით, რა თქმა უნდა, დაბნეულობას იწვევს. არცერთი არ აღმოჩნდა გამარჯვების ფორმულა, არცერთმა არანაირი შედეგი არ მოიტანა. არჩევნებით არანაირი შედეგი არ დაიდო, ბოიკოტი ვერ შედგა, რევოლუცია ისეთი ცარიელი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ შარში გახვია ადამიანები და მეტი არაფერი. მართლა წარმოუდგენელი რაღაც მოხდა და მე ვფიქრობ, რომ ამან ძალიან დიდი შოკი მოიტანა საზოგადოებაში. ვიღაცები არ გატყდნენ და ქუჩაში პროტესტს აგრძელებენ, მაგრამ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელისუფლება შიგნით აშკარად გაძლიერდა, ფაქტია, რომ მას შემდეგ უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგეს, რიხი მიეცათ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ წარმატების მისაღწევად ერთი სტრატეგიით უნდა იმოქმედოს „ერთი ქმედება უნდა იყოს და არა სამი, როგორც 4 ოქტომბერს იყო“.
„შიდა პროცესებში უფრო შოკური ვითარებაა, ვიდრე სტაგნაციური და არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება. ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორების თანხვედრაში არის წარმატების ფორმულა. ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, თითოეული ადამიანი, ვინც ვართ მძევლები, ეს მდგომარეობა არის მძიმე და ვინც პატიმარია, ყველაზე მძიმე. რომ ელოდები, რომ ერთ თვეში უკვე გარეთ უნდა გახვიდე და ამ დროს გეუბნებიან, რომ შეიძლება 15 წლით უნდა დარჩე, ძალიან მძიმეა. ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიქნებით, სანამ არ მოხდება გარკვეული კონფიგურაციის ისეთი ჩამოყალიბება, რომ ამ რეჟიმს შევეწინააღმდეგოთ.
არ არის ეს რეჟიმი ძლიერი, ჩვენი სისუსტე არის მათი სიძლიერე. რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ის აღარ უნდა მოხდეს. იქ თუ იყო 4 სტრატეგია, უნდა იყოს ერთი. ალბათ ვერ გავერთიანდებით, რაც არ უნდა ვიძახოთ, გაერთიანების წინაპირობა არ ჩანს. ოპოზიციაში ერთიანობის არანაირი წინაპირობა არ ჩანს და მგონია არარეალისტური, მაგრამ მგონია, რომ შესაძლებელია ერთიან სტრატეგიაზე გადასვლა. ერთი ქმედება უნდა იყოს და არა სამი, როგორც 4 ოქტომბერს იყო“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

