„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა მაგალითი არა მარტო ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არამედ მთელ რეგიონს, რომ ნებისმიერი კრიზისი შეიძლება გადალახო არჩევნებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„გაყოფა როდესაც ხდება, დიდი მოცულობა იყოფა ნაწილებად. სერიოზულად თვლით რომ პარტია გაიყო? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა მაგალითი არა მარტო ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არამედ მთელ რეგიონს, რომ ნებისმიერი კრიზისი შეიძლება გადალახო არჩევნებით.
პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ეს პარტია შექმნა და არის ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერს აერთიანებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. სააკაშვილმა ბრძანა ძალიან მარტივი ენით, რომ ის მხარს უჭერს არჩეულ თავმჯდომარეს. არანაირი ლეგიტიმაციის ეჭვი არ არსებობს.
რადგან დამარცხებული ადამიანი და ის ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, 9 თვის განმავლობაში ვერ შეეგუვნენ დამარცხებას, სააკაშვილმა შესთავაზა მანიფესტი, როგორც ამ კონკრეტული ჯგუფისთვის გამოსავალი. ზოგმა მიიღო ეს გამოსავალი, ზოგმა არ მიიღო, თემა დახურულია. არანაირი ფლანგი, არანაირი დაპირისპირება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობს. ეს თემა დახურულია იმიტომ, რომ ჩვენ გადავედით წინასაარჩევნო რეჟიმზე.
ჩვენი მტერი არის „რუსული ოცნება“. ჩვენ მაინც მოგვიწევს ერთად მუშაობა. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ შედგება კოალიციური მთავრობა. ამიტომ, რაც უფრო გაუფრთხილდებიან ნერვებს ჩვენი ყოფილი კოლეგები ან მომავალი კოლეგები, მით უკეთესი იქნება მომავლისთვის“,- განაცხადა შაშკინმა.