ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. პრემიერის გამოსვლის შემდეგ შესაბამისი ნაბიჯიც გადავდგით საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ დავუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე, – ამის შესახებ „დილის პროდუქტების“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფასის ცვლილება ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„ჩვენი კვერცხის მომავალი წლის ფასი ყოველთვის დგება ოქტომბრის თვეში, როდესაც რუსეთიდან იწყება ხორბლისა და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა ვითარება არის. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ამინდზე, ფასზე, მოსავალზე. ასევე არის აქციზები, როცა უნდათ, გააკეთებენ, როცა უნდათ – არა. როცა უნდათ, რიგებს გააკეთებენ, როცა უნდათ – არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ, რაც მოხდა წელს. მივწერეთ სუპერმარკეტებს, ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან.
25 დეკემბერს იყო პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი, საშუალება გვქონდა, სხვადასხვა ორგანიზაციისა და პრემიერისთვისაც პირადად აგვეხსნა ვითარება, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისი ნაბიჯიც გადავდგით საიმისოდ, რომ დავბრუნებოდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არა, რომ დიდი მარჟა გვქონდა. ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით ძველ ფასებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე, როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი, ვერ დავუშვებ, ჩემი წარმოება იყოს დაუცველი, არ ვიშოვო იმდენი ფული, რომ დარგი რისკების გარეშე ვამუშაო. მით უმეტეს, ეპიდემიოლოგიური კუთხით დღესდღეობით ძალიან ცუდი ვითარებაა ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში. დიდი ყურადღებით, გულისყურით ვაკვირდებით ამ ყველაფერს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთი თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს. თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა და ამ შემთხვევაში რაღაც დაწევა, თუ დაიწევს 18-27%-ით, რა თქმა უნდა, კომისიასთან, კონკრეტულ ორგანოებთან ერთად შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი“, – განაცხადა გია ლობჟანიძემ.

