აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის შეერთებული შტატების მიერ უკვე გადაცემული დახმარება იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში არ შევა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან. დოკუმენტზე იურიდიული გუნდები მუშაობენ. არის კარგი პროგრესი. ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ ჩვენი წითელი ხაზები, ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს, ასევე, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის აუცილებლად უნდა იყოს რატიფიცირებული პარლამენტის მიერ. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტში არ ჩაითვლება დახმარება, რომელიც მის ხელმოწერამდე იყო გაწეული“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, 23 აპრილს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ვაშინგტონში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სკოტ ბესენტს შეხვდა. შეხვედრაზე სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება განიხილეს.