მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, – ამის შესახებ აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.
წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. მადლობას გიხდით ასევე თქვენი ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის, რათა განხილულ იქნეს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მე ადრეც გაგიზიარეთ მაღალი პრიორიტეტულობის მქონე პუნქტების სია, რომელიც ევროკომისიამ შეადგინა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების სიას ექსპორტის შეზღუდვების რეჟიმში მყოფ ნივთებზე, რომლებიც გამოვლენილია რუსეთის სამხედრო სისტემებში, ნაპოვნია ბრძოლის ველზე უკრაინაში ან კრიტიკული მნიშვნელობისაა რუსული სამხედრო სისტემების განვითარების, წარმოების ან გამოყენებისთვის. მადლობას გიხდით ამ ნივთების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვის. ევროკომისიამ შეადგინა ეკონომიკურ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქონლის სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად. ეს სანქცირებული ნივთებია, რასაც რუსეთის სამრეწველო ბაზის მხარდაჭერა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა არ არის ტრადიციული გაგებით ორმაგი დანიშნულების ნივთები, მათი რეექსპორტი აძლიერებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. მაგალითად, მილსადენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები საჭიროა რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის. ეს სექტორი რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი დარგის საარსებო წყაროა. ამიტომ, თქვენდამი პატივისცემით, მოგმართავთ თხოვნით, რომ აკრძალოთ ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ ნივთებით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენი შესაბამისი ორგანოებისთვის, რათა გაგრძელდეს შესაბამისი ზომების მიღება და სანქცირებული საქონლის რეექსპორტი აღარ მოხდეს რუსეთში, სადაც მისი გადამისამართება ხდება სამხედრო ინდუსტრიის მხარდასაჭერად. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი მყისიერი ყურადღებისთვის“, – აღნიშნულია დევიდ ო’სალივანის წერილში.
ოფიციალური წერილის ადრესატები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მიიღეს მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა საქმიანობას, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.


