ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

დედის წერილი საფულეში: ”ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე-ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ

დედის წერილი საფულეში: ”ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე-ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ თითქმის ორ წლიანი დუმილი დაარღვია და სეტანტა სპორტსთან ინტერვიუში ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რის გამოც სარაგბო კარიერის იძულებით დასრულება მოუწია. დოპინგ სკანდალზე, რომლის ეპიცენტრშიც ბუკა აღმოჩნდა ყველა საუბრობდა, თუმცა დეტალები ზუსტად არავინ იცოდა.

2024 წელს, ფიჯისთან მატჩამდე, ეროვნული ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა. დოპინგზე ხმები მალევე გავრცელდა, თუმცა დეტალებზე არც რაგბის კავშირი საუბრობდა და კაპიტანიც დუმდა. აღმოჩნდა, რომ მერაბი შარდის ნიმუშის გაცვლის გამო დასაჯეს. მისი ნიმუში კი ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მორაგბემ გამოიყენა. მას მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

სეტანტასთან ინტერვიუში მერაბმა ბევრ თემაზე ისაუბრა, დოპინგის ამბები დეტალურად, თუმცა კონკრეტული გვარების ხსენების გარეშე მოყვა. ინტერვიუში ბუკა თავისი ახალი თავგადასავლის შესახებაც ყვება, 29 ნოემბერს იგი MMA-ს ოქტაგონზე გავა და თავის პირველ ორთაბრძოლას ორგანიზაციის “რკენა” ფაითქარდზე ჩაატარებს.  აღსანიშნავია, რომ მერაბი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე პოლონელი პატრკ კონტნი იქნება.

…დუმილი დოპინგ სკანდალზე და ნაკრების გარეშე დარჩენა: ”დოპინგ სკანდალის შემდეგ, არცერთ თამაშზე არ ვარ ნამყოფი. გულშემატკივრებისთვის არაფერი მითქვამს და უცბად რომ ტრიბუნაზე ვენახე მათ, უცნაური იქნებოდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ნაკრებში აღარ ვარ. 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშს ვაპირებდი, მერე ერთი წელი დარჩენას და რაგბიდან წასვლას. რაღაც დაუდევრობის გამო, რომ ამ ამბებს მოვწყდი, თან ამის გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. რაგბიში ბევრ რამეზე პასუხისმგებელი ვიყავი და უცბად ყველაზე შორს მდგომი აღმოვჩნდი. ჩემი ისტორია ეგრე არ უნდა დამთავრებულიყო, ერთი სიტყვით ამას გულისწყვეტას დავარქმევ”.

…დოპინგზე: ”გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ვიღაცების სახელებს ნამდვილად არ ვიტყვი. არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. 2024 წლის ზაფხულში ფიჯისთან მატჩისთვის ვემზადებოდი. რაგბის კავშირის ხელმძღვანელები გიბარებენო, არადა ვარჯიშზე გავდიოდი. ავედი სასაუბროდ და მეუბნებიან, როგორ გადაგეკიდნენ მსოფლიო რაგბიდანო. ვიფიქრე, რომ ადრე ჩხუბის გამო მქონდა დისკვალიფიკაცია და იმავე თემაზე ჰქონდათ პრობლემა. საქართველოს შეაგინეს და ეგ არ ვაპატიე.

მითხრეს, რომ დოპინგზე გადაგეკიდნენო. ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია და დოპინგი რანაირად იქნებოდა. მეუბნებიან, რომ შარდის გაცვლას გედავებიანო. ეს მითხრეს და გამაჟრიალა. იმ მომენტში არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. მითხრეს, რომ უკვე დისკვალიფიკაცია მქონდა. საუბარი ცოტა გაიწელა, ყველას შეცდომა ეგონა, ბიჭებმაც ვერ გაიგეს, რატომ არ შეიძლებოდა ვყოფილიყავი მოედანზე. მერე ის ხალხიც დაიბარეს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ და ისინიც გაუშვეს. გუნდელებს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი რამე მოხდა.

ყველას ეგონა, რომ ამ ამბავზე ვხუმრობდი. მაგ მომენტში მეგონა, რომ სიტუაცია დალაგდებოდა. ვიღაცამ ჩემი შარდი გამოიყენა, ამის გამო თუ დავისჯებოდი, არ მეგონა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად. დამნაშავეთა სია იმ წრეში მთავრდება, სადაც მე და ის მორაგბეები ვართ, რომლებმაც ჩემი ნიმუში გამოიყენეს. ამ წრიდან მთხოვა ერთ-ერთმა ადამიანმა და იმასაც არ დაუშვია, რომ ამას რამე მოჰყვებოდა.

ბრალი წაყენებული მაქვს, 6 წლიდან 2 წელზე ამას არავინ ჩამოწევს. ანტიდოპინგურმა სააგენტომ მომწერა, რომ განცხადება ჯერ არ გამეკეთებინა. ჩემი სახელი დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენე. დოპინგ სააგენტოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შარდის გაცვლა დიდი დანაშაულიაო. ყველაფერი მე შემაწმინდა, არადა, თავიანთი ჩატარებული შემოწმების დროს რომ დარღვევა იყო, ამაზე არაფერი უთქვამს. მაგ კაცზე ძალიან გაბრაზებული ვარ, სადაც შემხვდება, აუცილებლად დავუფიქსირებ ამ ამბავს.

ეს ამბავი 2022 წელს მოხდა. სისულელეში რომ მოვყევი, გასაგებია. ხალხი იტყვის, რომ არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემს ადგილზე ნებისმიერი იმავეს იზამდა. ყველაფერთან ფრთხილად ვიყავი, ძალიან სუფთად ვცხოვრობდი და სწორად ამიტომ მთხოვეს ნიმუშის ჩაბარება. ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი. სამწუხაროდ, ამ ამბავს ჩემთვის ბევრად ტრაგიკული გაგრძელება ჰქონდა, ვიდრე ამას წარმოიდგენენ. რაგბი ცხოვრების ტოლფასი იყო ჩემთვის”.

როგორ გააგრძელა ურთიერთობები: ”მხოლოდ ერთ ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა, დანარჩენი ყველასთან მაქვს კონტაქტი. ორი ჩემი საუკეთესო ძმაა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნერვიულობისგან კინაღამ მოკვდნენ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ სისულელეში როგორ მოვყევი. ნეტავ რაგბის კავშირში ცოდნოდათ, ეს ამბავი ჩაკეტილ წრეში მოხდა და სხვების დასახმარებლად გავაკეთე ეს”.

…როგორ გაიგეს, რომ მერაბის ნიმუში სხვამ ჩააბარა: ”ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული. 25 დეკემბერს მივიღე წერილი, რომ 6 წლიანი დისკვალიფიკაცია მქონდა. შეთავაზება იყო, რომ ჯაშუში ვყოფილიყავი ან მემხილებინა მორაგბეები. ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება. ისე დამენგრია ვინმესთვის ცხოვრება, როგორც მე დამენგრა”.

…რა კვალი დატოვა ქართულ რაგბიში: ”ახლა უკვე არ ვიცი, ქართულ რაგბიში რა კვალი დავტოვე. ჩემი მემკვიდრეობა, რისთვისაც ამდენი წელი თავგამოდებით ვიშრომე, დამახინჯდა. ნეტავ რამე ტრავმა მომსვლოდა, ისეთი ტრავმა რომ ფეხზე ვეღარ გამეარა. ეგ მერჩივნა. ჩემს განვლილ გზას ეგეთი დასასრული არ ეკუთვნოდა. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე რაგბის მიმართ აბსოლუტური თავგანწირვით ვიყავი და ყველაფერი გავაკეთე. ბიჭებისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი, მაინც მელოდებიან.

ეს ამბავი ჯერ ვერ გადავაგორე. ოჯახში არაფერი მითქვამს, სანამ გაფართოებული შემადგენლობა არ გამოქვეყნდა. სახლში ვერ ავდიოდი, არ მქონდა იმის თავი, რომ სხვისთვის ამეხსნა და დამეწყნარებინა. ვითომ ეს ამბავი ისეთი დრამატულიც არ იყო, არადა 4-5 დღე თავიდან საჭმელიც არ მიჭამია. მშობლებმა კიდევ უფრო ინერვიულეს, დედაჩემს ჩემზე ზედმეტად გაფანატებული ჰქონდა. სახლში ავედი დედაჩემთან, ჩემი ფორმები და სურათები იყო კედელზე. ვუთხარი, ჩამოხსენით, ამის ყურება აღარ შემიძლია მეთქი და წამოვედი სახლიდან. 2 დღეში სახლში ისევ ავედი და დედაჩემს ყველაფერი ჩამოხსნილი ჰქონდა. გული მწყდება, რომ დედაჩემის ხელით გაკეთებული ეს კედელი აღარ არის. ყველაზე მეტად კი იმაზე მწყდება გული, რომ დედაჩემი აღარ არის.

დედაჩემი ჩემი ფანატი იყო. ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად დედაჩემმა მიიღო. ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ. დოპინგზე ვამბობდი, რომ უარესებიც ხდება და მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მყავდა. სამწუხაროდ, უარესიც მოხდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ რკენაში მივიღებდი მონაწილეობას და მიხარია, რომ ამ ამბის თქმა მოვასწარი”.

…დედის წერილი საფულეში: ”ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე”.

…რკენაში მოხვედრა: ”სეტანტადან დამირეკეს და ბრძოლა შემომთავაზეს. სახელიც მომეწონა, ორგანიზაცია მომეწონა და გადავწყვიტე თანხმობა მეთქვა. თან არ მინდოდა ჩემი ამბის მოყოლის შემდეგ, ეს ისტორია ასე დასრულებულიყო. შესაბამისად, რკენაში მონაწილეობა მაძლევს ჩემი შესაძლებლობის გამოჩენის საშუალებას.

მერაბმა სამ მსოფლიო თასზე ითამაშა, ეროვნული ნაკრების მაისური 100-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო და 100-ზე მეტი ქულაც დააგროვა. სამწუხაროდ, მერაბს 2027 წელს ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე ვერ ვიხილავთ, თუმცა ახლა მას ახალ საქმეშიც ვუქომაგებ და წარმატებას ვუსურვებ. სადებიუტო ღონისძიებაში მთავარი ბრძოლაში მონაწილეობის მიღება მარტივი არაა, თუმცა ეს მერაბ შარიქაძეა, რაგბის ქომაგებისთვის ბუკა, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და ვფიქრობ, რომ ბრძოლა არც ოქტაგონში გაუჭირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან…“ – სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მაყურებელმა არაერთი სასწაულის ისტორია მოისმინა, რომელიც პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება.ხატის ასლი საქართველოში 2002 წელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და მას შემდეგ არა ერთი ონკოლოგიური პაციენტი განკურნა.სასწაულების შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მორჩილი მარინე საუბრობს.„3 წლის ბავშვი გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი, მისი მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, ძვლებზეც გადასული იყო, დაავადება ახრჩობდა. პანტანასას ზეთს გერმანიაში უგზავნიდნენ, რომ მისთვის ზეთი მუდმივად ეცხოთ, ის ბავშვი ახლახან ჰყავდათ მოყვანილი, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობოდა…საავადმყოფოდან უკვე გაწერილი იყო – ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უძლური ვართ ამ დაავადებასთანო, 15 მეტასტაზი ჰქონია თავში. ზეთისცხების წყალობით განიკურნა, გახარებული და გაბრწყინებული მოვიდა, თავიდან 15 მეტასტაზი გაუქრა. უიმედობა არ არსებობს, ღვთისთვის და დედა ღვთისმშობლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ჩვენი რწმენა, ჩვენი სურვილი დავანახოთ, ამ ყველაფერს ღვთისმშობელი აკეთებს. აქ მარტო ონკოპაციენტები არა, სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით მოდიან ადამიანები და ღვთისმშობელი უნუგეშოდ არავის არ ტოვებს“, – აღნიშნავს მორჩილი მარინე.

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კატარის საგარეო უწყება – ირანი აგრძელებს ესკალაციას, რასაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად

კატარში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხეა“.როგორც კატარის საგარეო სამინისტროში აღნიშნავენ, „ირანი განაგრძობს ესკალაციის პოლიტიკას, რომელსაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს“.უწყებაში აცხადებენ, რომ კატარი „იტოვებს პასუხის უფლებას“ და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად.მანამდე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია QatarEnergy-მა დაადასტურა, რომ რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის.

ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა – „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, უდიდესი ძალა აქვს“

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

ბოლო სიახლეები