„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას უსმენენ.
დაჩი ცაგურიამ სხდომაზე ისაუბრა, როდის გაიცნო პირადად მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტში მასთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა.
„თუ არ ვცდები, 2001 წელი იყო, ჟვანია რომ გადადგა და თარგამაძე გადავაგდეთ. გვიხაროდა ძალიან, რკინის კაცი გადავაგდეთო. ამ პერიოდში გავიცანი პირადად სააკაშვილი. მაშინ, პრაქტიკულად, ჩემი დაორგანიზებული იყო მთელი სტუდენტური მოძრაობა. მთელი ერთი კვირა პარლამენტთან ვიდექით, გადადგა ჟვანია, გადადგა თარგამაძე, რის გამოც ძალიან გახარებული ვიყავით. სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრობიდან გადადგა, ჯერ პარტია არ ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და ცდილობდა, ჩემთან ემეგობრა. შევარდნაძის დროს ოთხჯერ ვარ დანაჭერი – დიქტატორი შევარდნაძე-მეთქი და ოთხჯერ დამიჭირეს. ობიექტურად ვამბობ, ვარდების რევოლუციამდე არცერთხელ, არცერთი დაჭერის დროს არ ვარ ნაცემი. ძირითადად ქალაქიდან სადღაც გამიყვანდნენ, ჩამომაგდებდნენ მანქანიდან და შემდეგ ჩაიშლებოდა აქცია, რაც დაგეგმილი მქონდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, როცა აქციების შემდეგ შევარდნაძე მოდიოდა უნივერსიტეტში შეხვედრაზე. მას ხომ უყვარდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა და სტუდენტებთან მოსვლა. ვემზადებოდი ამ შეხვედრისთვის. პეტრე მელიქიშვილის ბიუსტთან დამაკავეს, ჩამომსვეს საგურამოსთან. მთელი გზა არც ხელი დაურტყამთ, პირიქით, მე ვარ ანთებული სტუდენტი, ვამბობდი, დიქტატორის მსახურებო-მეთქი. ჩემზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მაშინ ციხეებში და დროებითი დაკავების იზოლატორებში იყო ადამიანების ცემის, წამების ფაქტები, ეს ვიცოდით, მაგრამ პირადად ჩემთვის არცერთ ჯერზე არავის ხელი არ დაურტყამს. სააკაშვილმა ჩემი დაჭერის შესახებ რომ გაიგო და იმ შეხვედრაზე არ ვიყავი, დამირეკა, პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა იყოს, შენ იქ უნდა შეგიყვანოთ, რომ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი დაიჭირესო. კი ბატონო, შემოვალ-მეთქი. პარლამენტში რომ მოვედი, მგონი, ადეიშვილი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრაზე იყო მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი. მკითხეს, რა მოხდაო. იქიდან სამ დღეში იყო პლენარული სხდომა. მოვუყევი, დამიჭირეს, დავახურე თავზე-მეთქი, შემდეგ ჩამომსვეს და როდესაც მივედი, შეხვედრა უკვე დამთავრებული იყო-მეთქი. სააკაშვილი მეუბნება, ეგრე არ მოყვეო. აბა, როგორ უნდა მოვყვე, რაც მოხდა, ეს არის-მეთქი. ხომ იცი, თეთრი ხელთათმანებით არ გამოვა ბრძოლა, თქვი, წამიყვანეს, ჩამიყვანეს მიტოვებული აგარაკის სარდაფში, სადაც მაგინებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, დუბინკა და მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო. ამას მეუბნება მიხეილ სააკაშვილი, 19 თუ 20 წლის სტუდენტი ვარ. ნახალოვკაში დავიბადე და გავიზარდე, წარმოვიდგინე, რომ ეს ისტორია უნდა მოვიგონო, მოვყვე ტყუილი, ამხელა უბედურება. კინაღამ გავგიჟდი, დავახურე თავზე, რას მეუბნები, ეგეთი რამ როგორ მოგაფიქრდა, როგორ მაკადრეთ, რომ ასეთ რამეს მოვყვები, ნამუსი არ გაქვთ-მეთქი? სამივეს დავახურე თავზე და წამოვედი. შეხვედრას ესწრებოდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი. მიშა ლაპარაკობდა, იმათ ხმა არ ამოუღიათ. სხვათა შორის, შემდეგ ეს ისტორია ერთი ერთში დაემთხვა და ონიანმა მოყვა სიტყვასიტყვით. „კმარა“ გააკეთა ორგანიზაცია და ერთ-ერთი აქტივისტი იყო. ტელევიზორი რომ ჩავრთე და ვუყურე, ვიფიქრე, რაც მე არ გავაკეთე, ვიღაცას გააკეთებინეს-მეთქი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, უარი რომ თქვით, რით დამთავრდა შეხვედრა?, ცაგურიამ აღნიშნა:
„ჩემს გაუპატიურებაზე ჩავასმევინო ხალხი 20-წლიანი სასჯელით-მეთქი? რაც მოხდა, იმას მოვყვები, იმაზე აგონ პასუხი, როგორ ვიკადრებ და ვიტყვი, მაუპატიურებდნენ-მეთქი? ძალიან ვეჩხუბე და დავახურე თავზე. ამის შემდეგ ცდილობდა, სტუდენტური მოძრაობა გამოეყენებინა, მაგრამ ჩემთვის უკვე ის წითელი ხაზი იყო. დავინახე, ეგენი ვინც იყვნენ “, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.