არჩევნების შემდეგ ხუთი დღე გავიდა და გაყალბების ხუთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჯერ ხომ საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი იყო ჩამოსული? არცერთ არჩევნებს ამდენი დამკვირვებელი არ დაკვირვებია, ერთ სულ მოსახლეზე და უბანზე რომ გადაიყვანო, პლანეტაზე ჯერ არ ჩატარებულა არჩევნები, ამდენი დამკვირვებელი რომ სადმე დასწრებოდა. ამ ევროპელებს კიდევ, მინდა, ძალიან დიდი პატივისცემით ვუთხრა – თქვე ოჯახაშენებულებო, ამდენი ფული რომ დახარჯეთ, კაფეში გოგო ბიჭს და ბიჭი გოგოს რომ პატიჟებს, გოგო გოგოსას იხდის და ბიჭი ბიჭისას, ამათ ამდენი ფული რომ დაახარჯეთ და ერთ მტკიცებულებას ვერ დებენ გაყალბებისას, პასუხი მაინც მოსთხოვეთ, სად წაიღეს ეს ფული“, – განაცხადა ცაგურიამ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს კითხვა დაუსვა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „ზურაბიშვილმა მითხრა, არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც ბევრ დონეზე დამახინჯდა, მას ასევე მკაფიოდ არ უთქვამს, ჩაერია თუ არა რუსეთი არჩევნებში“. წამყვანის კითხვაზე, მისი აზრით, აქვს თუ არა ზურაბიშვილს გაცილებით მკაფიო მტკიცებულებები პროკურატურისთვის გადასაცემად, ცაგურიამ უპასუხა, რომ პრეზიდენტის განცხადებები არის უბრალოდ, საოცრება, რომლის უკანაც მტკიცებულებები არ დგას.
„განცხადებები იცოცხლე, ამის სპეციალისტები არიან, რუსეთი ჩაერია, გაყალბდა, ტოტალური გაყალბება იყო და რაღაცები, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ ყველაფერზე ერთი მტკიცებულება არ გქონდეს? ახლა ვინმე დამაჯერებს, რომ ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მტკიცებულებები აქვს და ჯერ არ გვანახებენ? იძახიან, აი, თენგო მოვა ახლა, მოიტანს და გვანახებს რაღაცას, მერე ლაშას მამა გარდაცვლია, თენგო იქ არის თურმე, არ სცალია ჩვენთვისო და ასეთ კომიკურ მდგომარეობაში არიან. იცით, რა? მე არ მიკვირს მათი ჩვენდამი დამოკიდებულება, მაგრამ საკუთარი ამომრჩევლების მიმართ მაინც გამოიჩინონ ელემენტარული პატივისცემა, მათ მაინც უთხრან რაღაც და მისცენ, სირცხვილია. ხალხო, თქვენი ამომრჩევლები არიან ძაღლის დღეში, ბოდიში და, სახეს ვახევთ. გაყალბდა-გაყალბდას რომ იძახით, ერთი რამე მაინც თქვით-თქო, ვერავინ ვერაფერს ამბობს და არიან პირდაღებული. მეცოდება უკვე ეს ხალხი. ქალბატონ სალომეს მინდა, ვუთხრა, ჯერ თუ არ მოუგროვებიათ ეს მტკიცებულებები, სცენაზე რომ იდგნენ და განწირული ყვიროდნენ, აბა, მოგვეცით მტკიცებულებებიო, შე ოჯახაშენებულო, თუ არ გაქვს, ამ ქვეყანას რას ანჯღრევ და ცილს რატომ სწამებ“, – განაცხადა ცაგურიამ.
როგორც ცაგურიამ აღნიშნა, ამ აქტორებისგან არაფერი უკვირს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს.
„ცილისწამება და ტყუილი ამ ადამიანებისგან არ გვიკვირს, შეიძლება, მკვლელობა დაგაბრალონ. ჯერ იყო და კულტურის მინისტრ ასათიანს დააბრალეს, თითქოს რაღაც რელიგიურ სექტაში მონაწილეობდა, მერე მატარებელი სარკიბიგზო გვირაბში არ ეტევაო და იყო ერთი ამბავი. ეს ხომ გვახსოვს? ამაზე აგო ვინმემ პასუხი ან ბოდიში მოიხადა? არათუ ჩვენ, მე, თქვენ ან ვინმეს გვწამებდნენ ცილს, ლობისტები დაიქირავეს და მთელ დედამიწას დააჯერეს, სააკაშვილი აწამეს, კვდება, უკურნებელი დაავადებები აქვს, აი, ახლა ორ-სამ დღეში მოკვდებაო. ხომ ვნახეთ ამ აფერისტის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, სადაც სამედიცინო დასკვნებით მიდიოდა საქართველოს დისკრედიტაცია? რომ დალაგდა იმდენი ელჩი და დემარშით მივიდნენ, ახლა მოკვდება სააკაშვილიო, ხომ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო“, – განაცხადა ცაგურიამ.
ყოფილმა პოლიტპატიმარმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსაც მიმართა.
„მინდა, ამ ელჩებს მივმართო – ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული. ეს არის ქვეყანა, სადაც მეხუთე საუკუნეში სახარება ვთარგმნეთ, სადაც „ვეფხისტყაოსანი“ დავწერეთ და როგორმე, ვენის კონვენციასაც გადავთარგმნიდით და წაკითხული გვექნება. წაიკითხეთ რა, თქვენ თვითონ ეს ვენის კონვენცია. თუ ვინმემ დაგიმალათ, მე მოგაწვდით ბატონო, რათა თქვენი უფლებამისილება იცოდეთ, ამ ქვეყანაში როგორ უნდა იქცეოდეთ და რას უნდა აკეთებდეთ, მერე რა ინფორმაციებს უნდა აგზავნიდეთ აქედან თქვენ ქვეყანაში. ასე როგორ შეიძლება? არ გრცხვენიათ, ასეთ სასაცილო მდგომარეობაში რომ იგდებთ თავს? ან თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას რა მდგომარეობაში აგდებთ? წარმოიდგინეთ, აშშ-ის, ამხელა ქვეყნის ლიდერი გამოდის და იძახის, 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატია აყვავდა და გაფრინდა კოსმოსშიო. სირცხვილი არ არის მართლა და მართლა? მე მოგიყვებით, წამოგყვებით იმ ბლინკენთან, როგორი დემოკრატია იყო საქართველოში. გადახედეთ და ნახეთ, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ცოცხალი ადამიანების მკვლელობისთვის ხალხს მკვლელობის მუხლით ასამართლებდნენ, ცემით და წამებით იღებდნენ ჩვენებებს და მერე, ეს ცოცხალი ადამიანები რომ გამოჩდებოდნენ ხოლმე, ისევ ცემით კლავდნენ ამ „მკვლელს“, რომ ცრუ ჩვენების მიცემა ეღიარებინა. ეს იყო სააკაშვილის დემოკრატია. თქვენ ხომ ჩვენზე კარგად იცით ეს ყველაფერი და სირცხვილია, ხომ? ჩემო კარგებო, ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ და როგორმე გვეცით პატივი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.